პარიზში ისრაელ-„ჰამასის“ საკითხზე მოლაპარაკებები დასრულდა - მიღწეულია „შეთანხმების მონახაზი“ მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გაცლის, ასევე ცეცხლის ექვსი კვირით შეწყვეტის შესახებ
პარიზში ისრაელ-„ჰამასის“ დაპირისპირების თემაზე მოლაპარაკებები გაიმართა.
როგორც ისრაელის მედია ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, ისრაელის, აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლებმა ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით „შეთანხმების მონახაზს“ მიაღწიეს. ისრაელის დელეგაცია ფრთხილი ოპტიმიზმით არის განწყობილი.
„კარგი მოლაპარაკებები იყო, არის მნიშვნელოვანი პროგრესი. ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომელზეც შეგვიძლია, ავაგოთ გეგმა და მოლაპარაკებები“, – ციტირებს Channel 12 ანონიმ მაღალჩინოსანს.
პარიზში მიღწეული პროგრესი შესაძლებელს გახდის, მედიატორებმა „ჰამასს“ შეთანხმების განახლებული ჩარჩო შესთავაზონ. აღნიშნული მონახაზი დასამტკიცებლად ჯერ ისრაელის ომის კაბინეტს, შემდეგ მინისტრთა გაფართოებულ კაბინეტს წარედგინება.
მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი ფოკუსირებული იქნება ძირითად საკითხებზე, მათ შორის, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი რომელი მძევლები უნდა გათავისუფლდნენ და რომელი პალესტინელი პატიმრები უნდა გაცვალონ.
ამერიკული გამოცემა „აქსიოსი“ წერს, რომ ვაშინგტონს შეთანხმების გაფორმება უახლოეს ორ კვირაში, რამადანის დაწყებამდე სურს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახლა კატარელ და ეგვიპტელ შუამავლებზეა დამოკიდებული, „ჰამასი“ განახლებულ პირობებზე დაითანხმოს, რომელიც, 40 ისრაელელი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ექვსი კვირით ცეცხლის შეწყვეტას და ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ინფორმაციას უკვე ადასტურებენ „ჰამასშიც“. მათი ცნობით, ახალი გეგმა, 35-დან 40-მდე ისრაელელი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, 200-დან 300-მდე პალესტინელი პატიმრის გამოშვებასა და საბრძოლო მოქმედებებში ექვსკვირიან პაუზას ითვალისწინებს.