პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრის პარალელურად, მედია უკრაინაში სამშვიდობო ძალების განთავსებაზე ლიდერების განსხვავებულ მოსაზრებებს აქვეყნებს
პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრის პარალელურად, სააგენტო „როიტერმა“ გამოაქვეყნა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის პოზიციები უკრაინაში სამშვიდობო ძალების განთავსებასთან დაკავშირებით.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზად არის, ბრიტანული ჯარები გაგზავნოს უკრაინაში, როგორც ომის შემდგომი სამშვიდობო ძალების ნაწილი.
„ჩვენ ვდგავართ თაობათა გამოწვევის წინაშე, როდესაც საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება. მე მგონია, ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანია. ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის ფრონტის ხაზს. ეს არის ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს ფრონტის ხაზი. ეს ეხება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და ვფიქრობ, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა სტარმერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ესპანეთში კი განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია უკრაინაში ჯარების განთავსებაზე საუბარი.
„დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი განაგრძობს უკრაინაზე თავდასხმასა და დაბომბვას. ამიტომ ამ მომენტში მშვიდობას ჰორიზონტზე ვერ ვხედავ“, – განუცხადა ადგილობრივ მედიას ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა.
რაც შეეხება გერმანიის პოზიციას, კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გერმანული ჯარების განთავსება უკრაინაში სამშვიდობო მისიის ფარგლებში, კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა ძლიერი უკრაინული არმიის მნიშვნელობას.
„სანამ ომია, ევროპული ჯარების უკრაინაში განლაგებაზე საუბარი არ იქნება. საკითხები, რომლებიც შემდეგ უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით უნდა განიხილებოდეს, განიხილება, როცა დრო მოვა“, – განაცხადა შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპა უნდა გაუმკლავდეს მომავალ გამოწვევებს, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, „თუ როგორ განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა, მისი მარტო დატოვების გარეშე“.
„მეორე საკითხია ტრანსატლანტიკური კავშირებისა და ევროპის უსაფრთხოების განვითარება. მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ამისგან. ამიტომ მთავარი საკითხია, თუ როგორ მივაღწიოთ მშვიდობას უკრაინელების მაგივრად გადაწყვეტილების მიღების გარეშე. ჩემთვის ნათელია: ცენტრში უნდა იყოს ძლიერი უკრაინული არმია, მშვიდობიან დროსაც კი. ეს იქნება მნიშვნელოვანი ამოცანა ევროპისთვის, აშშ-ისა და საერთაშორისო მოკავშირეებისთვის“, – განაცხადა შოლცმა.
რაც შეეხება პოლონეთს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი არ გეგმავს ჯარისკაცების გაგზავნას უკრაინის ტერიტორიაზე.
„პოლონეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც აქამდე: ორგანიზაციულად, ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების თვალსაზრისით“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარიზში გამგზავრებამდე.
შვედეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯერ ნაადრევია სამშვიდობო მისიაში მონაწილეობაზე საუბარი. მისი აზრით, ჯერ საჭიროა, მოლაპარაკებების პროცესი წინ წავიდეს.
„შვედეთი ჩვეულებრივ მონაწილეობს ჩვენი მსოფლიოს ნაწილში უსაფრთხოების გაძლიერებაში, ასე რომ, ვვარაუდობ, რომ ამჯერადაც ამის ნაწილი ვიქნებით“, – განუცხადა „როიტერს“ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა.
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი მიიჩნევს, რომ აუცილებელია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა და დაჩქარება. მისი აზრით, უკრაინას უნდა მოეხსნას შეზღუდვები იარაღის გამოყენებაზე, რათა მან ეფექტურად შეძლოს თავის დაცვა.
„უნდა მოვხსნათ შეზღუდვები უკრაინელების მიერ იარაღის გამოყენებაზე, რათა მათ შეძლონ რუსების წინააღმდეგ თავის დაცვა ისე, რომ ცალი ხელი ზურგს უკან არ ჰქონდეთ გადაგრეხილი. ცეცხლის შეწყვეტამ არ უნდა გამოიწვიოს რუსეთის ხელახალი შეიარაღება, რასაც ახალი რუსული თავდასხმები მოჰყვება“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.
ნიდერლანდები მზადაა, განიხილოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა, თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ორ მთავარ პირობას აყენებს: პირველი – უნდა არსებობდეს მკაფიო საერთაშორისო მანდატი; და მეორე – უნდა შემუშავდეს კრიზისების მართვის მექანიზმი აშშ-ის მონაწილეობით.