ევროკავშირში გამოყენებისთვის დაამტკიცეს თვალის იმპლანტი, რომელიც ასაკში დაკარგულ მხედველობას აღადგენს — #1tvმეცნიერება

13:35, 29.07.2026

ევროპაში გამოყენებისთვის დაამტკიცეს თვალის ბადურის იმპლანტატი, რომელიც ნაწილობრივ აღადგენს მხედველობას სიბრმავის საკმაოდ გავრცელებული ფორმის მქ ონე ადამიანებში. ეს ამ სახის მოწყობილობის დამტკიცების მსოფლიოში პირველი შემთხვევაა — რომელიც მხედველობის მძიმე დაქვეითების მქონე ადამიანებს კითხვას საშუალებას აძლევს.

„ჩვენ გვყავდა პაციენტები, რომლებსაც შეეძლოთ დედოფლის სახის ამოცნობა და სხვები, რომლებმაც მოწყობილობის საშუალებით სიდნეის ოპერის თეატრი დახატეს“, — ამბობს იმპლანტის შემქმნელი კალიფორნიული კომპანია Science Corporation-ის წარმომადგენელი დარიუს შაჰიდა.

მოწყობილობას PRIMA იმპლანტი ჰქვია და აღადგენს ცენტრალური მხედველობის ფუნქციონირებას — სწორ ხედვას, რომელიც საჭიროა დეტალების დასანახად და წასაკითხად — გეოგრაფიული ატროფიის მქონე ადამიანებში. გეოგრაფიული ატროფია მსოფლიოში დაახლოებით რვა მილიონ ადამიანს აწუხებს და წარმოადგენს ასაკობრივი მშრალი მაკულური დეგენერაციის პროგრესულ და შეუქცევად ფორმას. ამ დროს, ბადურის ნაწილი, სახელად მაკულა ნელ-ნელა უარესდება, რადგან ბადურის უჯრედები კვდება და აღარ განახლდება.

გეოგრაფიული ატროფიის ამჟამად არსებული სამკურნალო საშუალებები უკიდურესად შეზღუდულია. აშშ-ში ორი საინიექციო პრეპარატია დამტკიცებული — ისინი იმ ცილებს ბლოკავენ, რომლებმაც შეიძლება ბადურა დააზიანონ.

„PRIMA იმპლანტი შთამბეჭდავი მიღწევაა. გვაქვს FDA-ს მიერ დამტკიცებული ორი პრეპარატი გეოგრაფიული ატროფიის სამკურნალოდ, რომლებიც ანელებს დაავადების პროგრესს, მაგრამ სამწუხაროდ, მხედველობას ვერ აღადგენს“, — ამბობს ფილადელფიის უილსის თვალის ჰოსპიტლის მკვლევარი სანირ გარგი.

იმპლანტი დაახლოებით ქინძისთავის ზომისაა და ბადურის ქვეშ თავსდება; გამოიყენება სათვალესთან ერთად, რომელსაც ჩარჩოში კამერა აქვს ჩამონტაჟებული. კამერა სურათებს იღებს და ამუშავებს, შემდეგ კი ახლო-ინფრაწითელი სინათლის გამოყენებით შედეგებს აწვდის იმპლანტის ჩიპებს. ჩვენ ამ ტალღის სიგრძეში ვერ ვხედავთ და შესაბამისად, პროცესი ხელს არ უშლის უკვე არსებულ რაიმე მხედველობას.

ამის შემდეგ, ეს ჩიპები ახლო-ინფრაწითელ სინათლეს ელექტრულ პულსებად გარდაქმნის, რათა მოახდინოს ბადურაში არსებული ნეირონების, სახელად ბიპოლარული უჯრედების სტიმულირება, რომლებსაც როგორც წესი, მაკულარული დეგენერაცია არ აზიანებს. ჩვეულებრივ, ბიპოლარული უჯრედები მუშაობენ ჩხირ და კოლბა უჯრედებთან, რომლებიც სინათლეს ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნიან და მათ მაკულის დენეგერაცია აზიანებს. PRIMA სისტემა გვერდს უვლის ჩხირ და კოლბა უჯრედებს ისე, რომ ბიპოლარულ უჯრედებს შეუძლია წარმოქმნას ელექტრული სიგნალები, რომელთა ინტერპრეტირებაც თავუს ტვინს შეუძლია.

სათვალე ელექტროენერგიას პირდაპირ სინათლისგან გამოიმუშავებს, მზის პანელების მსგავსად. შედეგად, პაციენტებს არ სჭირდებათ ენერგიის წყაროსთან მიბმა.

შარშან ოქტომბერში გამოქვეყნებული პატარა კვლევის თანახმად, PRIMA-მ აღადგინა ცენტრალური მხედველობა და შემთხვევათა დაახლოებით 80 პროცენტში გააუმჯობესა მხედველობის სიმახვილე.

„აშშ-ში ნორმალური მხედველობა 20/20-ია, სიბრმავე კი – 20/200. PRIMA-ს გამოყენებით პაციენტებმა დაახლოებით 20/160-ს მიაღწიეს, ამიტომ ისინი უსინათლოდან არასიბრმავეზე გადავიდნენ“, — ამბობს Science Corporation-ის წარმომადგენელი ფრანკ ბროდი.

გვერდით ეფექტთა უმეტესობა ქირურგიულ ჩარევასთან იყო დაკავშირებული და ორ თვეში გამოსწორდა. ბროდის განცხადებით, ფიზიკური აღდგენა სწრაფია და ზოგიერთი ადამიანი უკვე ერთი დღის შემდეგ გრძნობს თავს კარგად. იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, პაციენტებს სათვალის გამოყენებაში წვრთნიან.

სანირ განგის განცხადებით, ვიდრე ეს ჩარევა ფართო გამოყენებაში დაინერგება, საჭიროა მეტი კვლევა ადამიანების უფრო დიდ ჯგუფზე და გრძელვადიანი უსაფრთხოების მონაცემები. მისივე თქმით, მკვლევრებმა ასევე უნდა გაარკვიონ, ეხმარება თუ არა იმპლანტი მხოლოდ პაციენტთან ან მდგომარეობასთან დაკავშირებული გარკვეული მახასიათებლების მქონე ადამიანებს.

ინტერვენციას მიღებული აქვს CE სერტიფიცირების ნიშანი ევროკავშირის სამედიცინო მოწყობილობების რეგულაციის შესაბამისად, რაც ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში მისი გამოყენების საშუალებას იძლევა. PRIMA-მ Breakthrough Device-ისა და ჰუმანიტარულად გამოსაყენებელი მოწყობილობის აღნიშვნა მიიღო აშშ-ის FDA-სგანაც.

შაჰიდას განცხადებით, PRIMA-ს პირველი კომერციული გამოყენება წელს მოხდება გერმანიასა და ბრიტანეთში.

„უკვე შევარჩიეთ ადგილები (გერმანიაში), დავატრენინგეთ ქირურგები და მალე პირველ ქირურგიულ პროცედურებს დავიწყებთ. ჩვენი მიზანია ამ ტექნოლოგიის გლობალურად კომერციალიზაცია და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დახმარება“, — ამბობს შაჰიდა.

ჯგუფი ასევე სწავლობს იმპლანტის პოტენციურ გამოყენებას თვალის სხვა დაავადებებისთვისაც, როგორიცაა თუნდაც შტარგარდტის დაავადება, რომელიც ძირითადად მაკულას აზიანებს.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.

მსგავსი