ამაზონის ტყეებში ჯუნგლებში ჩაკარგული ასეულობით უძველესი სტრუქტურა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
დღეისათვის, ამაზონის ტროპიკული ტყე დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე უბიწო ველურ ბუნებად ითვლება.
დაახლოებით 2000 წლის წინ, ის სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა.
ძვ. წ. 600 – ახ. წ. 850 წლებს შორის, აკვირის სახელით ცნობილმა ცივილიზაციამ სამხრეთ-დასავლეთ ამაზონიის ტერიტორიები გარდაქმნა და ლანდშაფტში იდუმალი გეომეტრიული მიწის კონსტრუქციები გამოკვეთა.
LIDAR ლაზერული ტექნოლოგიით ჩატარებული ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ეს ცივილიზაცია იმაზე დიდი უყო, ვიდრე არქეოლოგებს წარმოედგინათ; მათ თითქმის 30 000 მიწის ნაგებობა ააშენეს და მოსახლეობის რაოდენობა ახ. წ. 200 წლისთვის სამ მილიონს აღწევდა.
ჰელსინკის უნივერსიტეტის არქეო-ანთროპოლოგის, მარტი პარსინენისთვის ამის გაცნობიერება ტრანსფორმაციული იყო.
„ასეთი მომენტი პირველად 2002 წელს განვიცადე, როდესაც აკრის შტატში, ალსეუ რანცისთან და სანა საუნალუომასთან ერთად ამ მონუმენტურ გეომეტრიულ მიწის ნაგებობებს გადავუფრინე და დავაკვირდი უძველეს გზებს, რომლებიც ძეგლებს ერთმანეთთან აერთებს. ამან სრულად გარდაქმნა ჩემი გაგება და გამაანალიზებინა, რამდენად არასწორი იყო წინა შეხედულებები“, — ამბობს პარსინენი.
აკვირის ცივილიზაცია ერთი სამეფო ან იმპერია კი არ იყო, არამედ საზოგადოებათა მრავალფეროვანი ქსელი, რომელთაც საერთო ტრადიციები აკავშირებდათ.
მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, არ დაუტოვებიათ არანაირი წერილობითი ჩანაწერი, მათი საცხოვრებლები კი დიდი ხნის წინ გაქრა.

დარჩა მხოლოდ მათი მონუმენტური მიწის ნაგებობები – გეომეტრიული სივრცეები, რომლებიც გამოყოფილია თხრილებით, რომელთა სიღრმეც შეიძლება რამდენიმე მეტრი იყოს, ერთმანეთთან დაკავშირებულია სწორი გზებით, სადაც ხალხი შეიძლება ცერემონიებისთვის და პოლიტიკური ღონისძიებებისთვის იყრიდა თავს.
დღესდღეობით, გეომეტრიული მიწის ნაგებობები და მათი მიწის მართვის ეკოლოგიური მემკვიდრეობა აკვირის მიერ დატოვებული მცირერიცხოვან ხილულ კვალს შორისაა.
ისინი დაახლოებით ახ. წ. 850 წელს გაქრნენ და მომდევნო საუკუნეებში აკვირის ნაგებობათა უმეტესობა ტროპიკულმა ტყემ შთანთქა. მათი სტრუქტურების ნიშნები მიწის მოსუფთავებისას გამოჩნდა, მაგრამ სრული მასშტაბი ხეების ქვეშ იყო ჩაკარგული.
LIDAR ტექნოლოგიამ ეს ყველაფერი შეცვალა.
ტექნოლოგია ლაზერის პულსებს ასხივებს საფრენი აპარატიდან. ზოგიერთი პულსი უღრანი ტყის საფარში ჩადის და მიწის ზედაპირიდან აისხლიტება, რაც მკვლევრებს გაუვალ ტყეში ჩამარხული ლანდშაფტის აღდგენის საშუალებას აძლევს.
მკვლევრებმა 4497 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტროპიკული ტყე შეისწავლეს დაახლოებით 450 კმ სიგრძის გადაფრენათა სერიებით.
მთელმა ამ მონაცემებმა გამოავლინა 432 მიწის ნაგებობა, რომელთაგან 396 აქამდე უცნობი იყო.

„ყველაზე მეტად გაგვაკვირვა გეოგლიფების წარმოუდგენლად დიდმა რიცხვმა და ჩვენ მიერ აღმოჩენილი სხვა მიწის ნაგებობები რეგიონში, რომელიც დიდი ამაზონიის სამ პროცენტზე ნაკლებს წარმოადგენს. არქეოლოგიური ჩანაწერის მასშტაბი მიუთითებს, რომ ამაზონის სხვა მრავალი რეგიონი შეიძლება გაცილებით მჭიდროდ დასახლებული და იმაზე ძლიერ შეცვლილი იყო, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა“, — ამბობს პარსინენი.
შედეგების ექსტრაპოლაციით, უკვე არსებულ მონაცემებთან ერთად, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ თავის პიკში აკვირის ცივილიზაცია შეიძლება 183 000 კვადრატულ კილომეტრამდე ფართობს ფარავდა.
მკვლევართა შეფასებით, ეს სივრცე დააკმაყოფილებდა დაახლოებით 1,2 – 3 მილიონ ადამიანს ლანდშაფტზე, სადაც 24 000-დან 30 000-მდე მიწის ნაგებობაა.
ეს ადგილი რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა იმ ველური ბუნებისგან, რომელსაც დღეს ვხედავთ — მოსუფთავებული ტყე, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ, მიწათმოქმედებდნენ, ზეიმობდნენ და იკრიბებოდნენ.
„მრავალი ამ მოსუფთავებული ადგილის ცენტრში უნდა მდგარიყო ვრცელი გეომეტრიული მიწის ნაგებობები, რომელთაც ერთმანეთთან აერთებდა განიერი და ვიწრო გზები. წლის გარკვეულ დროს, ეს ადგილები ცოცხლდებოდა ცერემონიებით, შეკრებებით, მუსიკით, ცეკვით, სპორტული შეჯიბრებებით და სხვა სახის კომუნალური ღონისძიებებით“, — ამბობს პარსინენი.
მას შემდეგ, რაც LIDAR-მა ამაზონის მრავალი უძველესი საზოგადოების ისტორია აღმოაჩინა, პარსინენი ამბობს, რომ თავი უნდა დავანებოთ ტროპიკული ტყის, როგორც ხელუხლებელი ველური ბუნების ტრადიციულ წარმოდგენას.

ამის ნაცვლად, ახალი აღმოჩენები ამაზონს წარმოაჩენს ტროპიკულ ტყედ, რომელიც მრავალ ადგილას შეცვალა ადამიანთა დიდმა პოპულაციებმა.
მათი აყვავების ეპოქაში, აკვირის მიწის ნაგებობები შემოფარგლული უნდა ყოფილიყო ხის დიდი გრძელი სახლებით, რომლებშიც ბევრი ადამიანი ცხოვრობდა; იქვე უნდა ყოფილიყო სიმინდის, მანიოკის, გოგრისა და ბამბის მინდვრებიც.
„ახლომდებარე ტყეებში, სავარაუდოდ უხვად იქნებოდა ხეხილისა და თხილეულის მსხმოიარე ხეები, რაც ასახავს ადამიანის მიერ ლანდშაფტის მართვას საუკუნეების განმავლობაში“, — აღნიშნავს პარსინენი.
აღმოჩენა აკვირის იდუმალი ცივილიზაციის ამ დროისთვის ყველაზე მკაფიო სურათს ხატავს; ასევე გვიჩვენებს, როგორ დაიკავეს მათ სამხრეთ-დასავლეთ ამაზონია 1500 წლის განმავლობაში. თუმცა, მათი ამბის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მოსაყოლია.
„მრავალი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რა მოხდა ახ. წ. დაახლოებით 850 – 1000 წლებში, რამაც ეს ცივილიზაცია გააქრო“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჰელსინკის უნივერსიტეტის არქეო-ანთროპოლოგის მარტი პარსინენი.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.