დადგინდა, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავს, ბეთელგეიზეს გარს უვლის კომპანიონი ვარსკვლავი — #1tvმეცნიერება
ბოლოს და ბოლოს, ასტრონომებს ხელთ აქვთ მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ღამის ცის ყველაზე სახელგანთქმული ვარსკვლავი ბეთელგეიზე მარტო არ არის. ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) გამოყენებით, ჯგუფმა, რომელსაც ფრანგი მკვლევარი მიგელ მონტარჟე ხელმძღვანელობდა, ამ დროისთვის ყველაზე მკაფიო სურათი გადაუღო ობიექტს, რომელიც უნდა იყოს ბეთელგეიზე B — ვარსკვლავს, რომელიც ბეთელგეიზეს უვლის გარშემო.
„ასეთი გახლავთ საუკუნოვანი ძებნის დასკვნა“, ვაჩვენეთ, რომ ბეთელგეიზე ეული არ არის, მას პატარა კომპანიონი ვარსკვლავი ჰყავს“, — აღნიშნავს კვლევის ავტორი, პარიზის ობსერვატორიის ასტრონომი მიგელ მონტარჟე.
ბეთელგეიზე მოწითალო ვარსკვლავია; მდებარეობს ორიონის თანავარსკვლავედში და ადვილად ჩანს შეუიარაღებელი თვალით. ცნობილია სიკაშკაშის ცვალებადობით, რასაც ადამიანები უკვე ათასწლეულებია ამჩნევენ, მაგრამ მისი ამგვარი ქცევა ასტრონომებს დღემდე აოცებს.
„სკამიდან წამოვხტი, როცა დამუშავებული ფოტოები ვნახე“, — იხსენებს მონტარჟე.
პოტენციურ კომოპანიონ ვარსკვლავს ასტრონომები დიდი ხანია ეძებდნენ. მისი, როგორც ჩაბნელების მიზეზის არსებობა ჯერ კიდევ საუკუნის წინ ივარაუდეს, მაგრამ ვარაუდი ვარაუდად რჩებოდა.
2024 წელს გამოქვეყნებული ორი კვლევა პროგნოზირებდა, რომ იმ წლის დეკემბერში, კომპანიონი ვარსკვლავი ბეთელგეიზედან ყველაზე შორ წერტილში უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, ადვილად შესამჩნევი. მონტარჟემ და მისმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო; ვარსკვლავს 2024 წლის დეკემბერში ESO-ს ტელესკოპ VLT-ით დააკვირდნენ და შემდეგ, მონაცემთა დამუშავებაში რამდენიმე თვე გაატარეს.
„გულწრფელად ვაღიარებ, რომ მეგონა, არ გვქონდა საკმარისად მგრძნობიარე ინსტრუმენტები ბეთელგეიზე B-ს დასაფიქსირებლად. ვინაიდან ის პროგნოზირებულზე უფრო მასიური აღმოჩნდა, ჩვენ ის დავინახეთ!“, — ამბობს მონტარჟე.

თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ეს ვარსკვლავი მზის მასის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახალმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ბეთელგეიზე B მზეს მასით დაახლოებით 2-3-ჯერ აღემატება.
„შესანიშნავია ის ფაქტი, რომ ახლომდებარე კომპანიონის აღმოჩენა მაინც შეგვიძლია, თანაც მზეზე უფრო მასიურის და კაშკაშასი, ასე კარგად შესწავლილი ვარსკვლავის გარშემო. ეს გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი მეცნიერებაში — როცა რაღაც ახალს, მოულოდნელს ხედავ“, — აღნიშნავს მონტარჟე.
ბეთელგეიზე B პირდაპირ გადაიღეს, ანუ დააფიქსირეს თავად ამ ვარსკვლავის სინათლე. ამისათვის გამოიყენეს ჩილეში, ატაკამის უდაბნოში მდებარე ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) ინსტრუმენტი SPHERE. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიონი ვარსკვლავის არსებობის მტკიცებულება გვქონდა, მათ შორის იყო მისი სავარაუდო დაფიქსირება ჰავაიზე მდებარე ჩრდილოეთ ჯემინაის ტელესკოპით — ამჯერად ხელთ გვაქვს ბეთელგეიზე B-ს ყველაზე ძლიერი მტკიცებულება და ამ დროისათვის ყველაზე მკაფიო სურათი.
„შესანიშნავია იმის ხილვა, როგორ შეიძლება გამოდგეს ინსტრუმენტი SPHERE და დამუშავების მეთოდები, რომლებიც თავიდან ეგზოპლანეტების საპოვნელად შეიქმნა — ბეთელგეიზეს მსგავსი მასიური ვარსკვლავის გარშემო კომპანიონი ვარსკვლავის საპოვნელადაც. იმაში დასარწმუნებლად, რომ კომპანიონი მართლაც არსებობს, მაინც გვჭირდება, რათა მას ერთი წლის შემდეგაც დავაკვირდეთ ვარსკვლავის მეორე მხარეს“, — ამბობს მონტარჟე.

რამდენიმე წლის წინ, ბეთელგეიზე ასტრონომთა და ასტრონომიით დაინტერესებული მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, როცა მან ხილულად დაიწყო ჩაბნელება. ვინაიდან ბეთელგეიზე განვითარებადი სუპერგიგანტი ვარსკვლავია, მომავალში ის სუპერნოვად აფეთქებით მოკვდება; მისმა ჩაბნელებამ გააჩინა გარკვეული ეჭვები, რომ ის შეიძლება სწორედ ასეთი აფეთქების ზღვარზე ყოფილიყო. ასტრონომთა ჯგუფმა, რომელსაც მონტარჟე ხელმძღვანელობდა, ESO-ს ტელესკოპ VLT-ით დაკვირვებისას ივარაუდა, რომ ის აფეთქების ზღვარზე კი არ იყო, არამედ მტვრის ღრუბელი ჩრდილავდა.
ბეთელგეიზე B-ის პოტენციური დაფიქსირება ასტრონომებს შეაგულიანებს, რომ შეისწავლონ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კომპანიონმა ვარსკვლავმა მოსალოდნელ სუპერნოვას აფეთქებაზე.
კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eso.org-ის მიხედვით.