ანტონიო ტაიანი – მე არ ვპასუხობ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ციფრები პასუხობენ, შენგენის შეთანხმების შეჩერება ევროკავშირის ხელშეკრულებებს შეესაბამება და სწორია

23:13, 03.08.2026

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი საიმიგრაციო პოლიტიკაზე ესპანეთის კრიტიკის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში იტალიაში არალეგალი მიგრანტების შემოსვლა შემცირდა.

ტაიანის განცხადებით, ის მადრიდს „საკუთარი სიტყვებით კი არა, ციფრებით“ პასუხობს. „მე არ ვპასუხობ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ციფრები პასუხობენ“, – აღნიშნა იტალიის პირველმა დიპლომატმა.

ამასთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაასაჯაროვა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2023 წლიდან იტალიაში არალეგალი მიგრანტების შემოსვლა 60 პროცენტით შემცირდა, ხოლო 2026 წლის იანვრიდან ივლისამდე ქვეყანაში ზღვით მიგრანტების შემოსვლის შემთხვევები 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80 პროცენტით შემცირდა.

„ეს მაჩვენებლები დაუღალავი მუშაობისა და რვა ქვეყანასთან – საიდანაც მიგრანტები მოდიან ან რომლებსაც ტრანზიტად გადიან – გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებების შედეგია. ეს შეთანხმებები ხელს უწყობს მიგრაციის ლეგალურ და უსაფრთხო მარშრუტებს და ებრძვის ადამიანების უკანონო გადაყვანას“, – განაცხადა ტაიანიმ.

მისივე თქმით, სეუტაში მოხვედრილ მიგრანტებს შორის 5000-ზე მეტი პირია, რომელთა რეპატრიაცია ან მაროკოში დაბრუნება ვერ მოხერხდება.

„რა მოუვათ მათ? სად წავლენ? შენგენის შეთანხმების მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება, რომელსაც 21-მა ევროპულმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ევროკავშირის ხელშეკრულებებს შეესაბამება და სწორია“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი