ათასობით ენა ჯერ კიდევ კოლინიზაციამდელ ეპოქაში გაქრა და ეს ტენდენცია გრძელდება — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
დღეს მსოფლიოში დაახლოებით 7500 სალაპარაკო თუ ჟესტების ენა გამოიყენება. თუმცა, ეს არაჩვეულებრივი მრავალფეროვნება შესაძლოა მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდეს იმ ენობრივი სიმდიდრისა, რომელიც ოდესღაც კაცობრიობას ჰქონდა.
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ახალი მოდელირებული კვლევის თანახმად, ენების მრავალფეროვნებამ დავიწყებულ ოქროს ხანას 1000 – 3000 წლის წინ მიაღწია, როცა მსოფლიოში შეიძლება ათეულობით ათასი ენა არსებობდა.
შემდეგ ამას მოჰყვა დრამატული შემცირება, რომელიც როგორც ჩანს, ევროპის კოლონიურ ექსპანსიამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. დიდი სახელმწიფოებისა და იმპერიების ზრდასთან ერთად, შეიძლება გაქრა უთვალავი ადგილობრივი ენა.
შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ზუსტად რამდენი ენა გაქრა.
„ენების რაოდენობის შესახებ პირდაპირი მტკიცებულება ბოლო დრომდე არ არსებობდა. ვერ დავეყრდნობით ანტიკური ხანის უკიდურესად არაერთგვაროვან ჩანაწერებს“, — ამბობს კვლევის ავტორი, იელის უნივერსიტეტის ისტორიული ლინგვისტი კლერ ბაუერნი.
მკვლევრებმა დაიწყეს 171 მოძრავი მონადირე-შემგროვებელი საზოგადოების მონაცემებით.
მათი ტიპური პოპულაციის ზომების მიხედვით, ჯგუფმა შეაფასა, თუ რამდენი ეთნოლინგვისტური ჯგუფი შეიძლება არსებობდა დაახლოებით 12 000 წლის წინ, ჰოლოცენის დასაწყისში — გეოლოგიურ პერიოდში, რომელიც ბოლო გამყინვარების ხანას მოჰყვა და დღემდე გრძელდება.
იმ დროისთვის, ადამიანის გლობალური პოპულაცია 4,4 – 7 მილიონამდე უნდა ყოფილიყო.
თუ ვივარაუდებთ, რომ თითოეული ეთნოლინგვისტური ჯგუფი — ენობრივი და კულტურული იდენტობის მქონე საზოგადოება — ზოგადად სხვადასხვა ენაზე საუბრობდა, მოდელებმა დაახლოებით 4500 – 6200 ენა შემოგვთავაზა.
„თუმცა, ვინაიდან ბევრი რამ ვიცით ენებსა და საზოგადოებებს შორის კავშირების შესახებ, შეგვიძლია გამოვიყენოთ რამდენიმე ვარაუდი დროთა განმავლობაში ენის დივერსიფიკაციის სიმულაციური მოდელის შესაქმნელად. ამ მოდელების მრავალ ათასჯერ გაშვება გვაძლევს შეფასებას იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარებულიყო და გაყოფილიყო ენები ბოლო 12 000 წლის განმავლობაში“, — განმარტავს ბაუერნი.
რადგან სოფლის მეურნეობა ხელს უწყობდა მოსახლეობის ზრდას, თემებს შეეძლოთ დაყოფა და განსხვავებული ენების განვითარება. ამავე დროს, საზოგადოებები მსხვილდებოდა, რაც სულ უფრო მეტ ადამიანს აძლევდა საშუალებას გამოეყენებინა ერთი და იგივე ენა.
ამ ძალებს შორის ბალანსის შესახებ არადამაჯერებლობის მიუხედავად, მოდელმა ასეთივე ნიმუში წარმოქმნა — ენობრივი მრავალფეროვნება ჰოლოცენის დიდი ნაწილის განმავლობაში გაიზარდა, პიკს დაახლოებით 2000 წლის წინ მიაღწია, შემდეგ კი სწრაფად შემცირდა.
„რა თქმა უნდა, ასეთ მოდელს მრავალი ხარვეზი აქვს, მაგრამ გვაძლევს შეფასებას, რომლის დახვეწაც შესაძლებელია სამომავლო სამუშაოებით. თითოეული ვარაუდი მოდელირებას უფრო გასაგებს ხდის, თუმცა ბევრი რამ არ ვიცით. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო ცვლილებების დრო სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროს ხდება და მოსახლეობის მასშტაბური ჩანაცვლება დიდ გავლენას მოახდენდა ენობრივ სიმდიდრეზე. მოდელებში მსგავსი ადგილობრივი ფაქტორები არ გაგვითვალისწინებია“, — ამბობს ბაუერნი.

საერთო დაცემის დრო ადრეული სახელმწიფოებისა და იმპერიების გაფართოებაზე მიუთითებს.
„უძლიერესი მტკიცებულებაა დაცემის დრო. გამოვცადეთ მოდელების მრავალი ვარიანტი და ყველა მათგანმა ერთნაირი ტრაექტორია აჩვენა. ასევე კარგად ემთხვევა იმას, რაც ისტორიული ჩანაწერებიდან ვიცით. ჩანაწერები ძალიან არასრულყოფილი და არასრულია, მაგრამ ვიცით უძველესი ენების ცვლილებისა და ადგილობრივი ენების უფრო რეგიონალური ენებით ჩანაცვლების მაგალითები“, — აღნიშნავს ბაუერნი.
შედეგები წარსულის რეკონსტრუქციას სცილდება.
დღევანდელი ენები ისტორიული ბოთლის ყელიდან გაჩნდა, რომელშიც მნიშვნელოვანი დანაკარგების შედეგად, თავდაპირველი მრავალფეროვნების მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა ხელუხლებელი. ამან შეიძლება დაამახინჯოს ის, რასაც მეცნიერები ადამიანის ენის უნივერსალურ ან „ბუნებრივ“ მახასიათებლებად მიიჩნევენ.
მკვლევრებმა მრავალი ენის საზიარო მახასიათებლები ადამიანის გონების პრეფერენციების მინიშნებებად განმარტეს. თუკი ენების უმეტესობა სუბიექტს წინადადების დასაწყისში ათავსებს, ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ადამიანებს ურჩევნიათ, სუბიექტი მალე გამოჩნდეს.
თუმცა, კვლევის პირველი ავტორი, კატალონიის მოწინავე კვლევათა ინსტიტუტის ევოლუციური ანთროპოლოგი დამიან ბლასი ამბობს, რომ ეს ისტორიული დანაკარგი ამ მსჯელობას ართულებს.
„ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ენობრივი მრავალფეროვნების შერყევა იმდენად ბოლო დროს და იმდენად მნიშვნელოვნად მოხდა, რომ რაც არ უნდა აღმოჩნდეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ მახასიათებელი, შესაძლოა ის ამ ბოთლის ყელში გავლის შედეგი იყოს და არა ადამიანის გონების „სურვილების“ ნამდვილი ასახვა“.
ბევრი ენა, რომელთა წარმომავლობაც ამ ისტორიულ ექსპანსიებს წინ უსწრებდა, ამჟამად გაქრობის პირასაა.
შესუსტება დასრულებისგან შორსაა.
2022 წელს ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნებული კვლევა, რომელშიც 6511 სალაპარაკო ენა შეისწავლეს, პროგნოზირებს, რომ ინტერვენციის გარეშე, 40 წელიწადში ენების გაქრობის მაჩვენებელი შეიძლება გასამმაგდეს და საუკუნის ბოლოს 1500-ზე მეტი ენა გაქრეს.
„ეს მოდელირება აჩვენებს, რომ საჭიროა, დიდი ყურადღება მივაქციოთ ენებს, რომელთა წარმომავლობაც ამ გავრცელებას წინ უსწრებს. მრავალი ეს ენა საფრთხის ქვეშაა, მაგრამ ენირ დაკარგვა გარდაუვალი არ არის; დღეს გაცილებით მეტი ხელსაწყო გვაქვს ენის მხარდასაჭერად, ვიდრე 3000 წლის წინ იყო“, — ამბობს კვლევის ავტორი, იელის უნივერსიტეტის ისტორიული ლინგვისტი კლერ ბაუერნი.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.yale.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.