პარიზის პროკურატურაში ემანუელ მაკრონის პარტიის შემოწირულობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს
პარიზის პროკურატურაში ემანუელ მაკრონის პარტიის შემოწირულობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. როგორც Europe1-ი იუწყება, საარჩევნო კამპანიის ანგარიშების კონტროლის კომისიამ პრეზიდენტის პარტია „წინ რესპუბლიკის“ მისამართით გაკეთებული შემოწირულობის წარმომავლობის დადგენა ვერ მოახერხა.
როგორც ცნობილია, 144 ათასი ევროს ოდენობის შემოწირულობა პარტიამ 2017 წელს მიიღო.
კანონის თანახმად, ერთ სპონსორს კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის 7,5 ათასი ევროზე მეტის ჩარიცხვის უფლება არ აქვს.
რადიოსადგურ Europe1-ის ცნობით, პარიზის პროკურატურა სწორედ აღნიშნულ საკითხს გამოიძიებს. საქმე არ ეხება მაქინაციას ან უკანონო დაფინანსებას. პროკურატურას მხოლოდ 144 ათასი ევროს წარმომავლობის დადგენა სურს.
პოლიტიკური პარტია „წინ რესპუბლიკა“ საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 2016 წელს შექმნა.