საფრანგეთის პოლიციამ პარიზის გარეუბანში, დეფანსის რაიონში სპეცოპერაცია დაასრულა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დილის ცხრა საათზე სავაჭრო ცენტრთან მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონემ პოლიციაში დარეკა. სასტუმროს მეპატრონე ამბობდა, რომ შეიარაღებული მამაკაცი დაინახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერი შეისწავლეს. კადრებში ჩანს უცნობი მამაკაცი ზურგჩანთით, თუმცა მას ხელში იარაღი არ უჭირავს. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მამაკაცი საეჭვოდ იქცეოდა.
სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიციამ სავაჭრო ცენტრიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა. ასევე, რამდენიმე საათით დახურული იყო მეტროს სადგური.
პოლიციის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაუკავებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ცრუ განგაშს უკავშირდებოდა.