პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე შესაძლოა, ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელონ
პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნდობის ჯგუფის შეხვედრას არ გამორიცხავს.
როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები ანალოგიურ სიტუაციებში არის ძალიან სუსტი და ფუნქციების ეფექტურ გაზრდაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
„ნდობის ჯგუფი შეხვედრა უკვე შედგა, როცა საქმე ეხებოდა სპეცოპერაციას თბილისში. არც გამოვრიცხავთ, რომ ანალოგიურად შეიკრიბოს ნდობის ჯგუფი სხვა საკითხებზე, მათ შორის პანკისში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ეს არის ნდობის ჯგუფის ფუნქცია და ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტში ეს მექანიზმი უნდა იყოს აქტიურად გამოყენებული. რაც შეეხება საზედამხედველო ფუნქციებს, არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ მიმართულებით პარლამენტის რესურსები არის ტრადიციულად ძალიან სუსტი, ჩვენ გვჭირდება რესურსების განვითარება, რათა უკეთ განვახორციელოთ საზედამხედველო ფუნქციები. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამბიცია და ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, სამი წლის თავზე, როდესაც ეს პარლამენტი ამოწურავს თავის უფლებამოსილებას, თვისობრივად განსხვავებულ ინსტიტუციას მივიღებთ”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პანკისის რაიონის სოფელ დუისში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩატარდა. სპეცოპერაციის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.
„თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – განაცხადეს სუს-ში.
სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.