პანკისის ხეობის უხუცესებს სპეცოპერაციისას დაკავებულთა შესახებ აუდიო-ვიდეომასალა წარუდგინეს
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სუს-ის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ხეობის უხუცესებთან შეხვედრა შედგა. მისი თქმით, შეხვედრაზე წარადგინეს აუდიო და ვიდეო მასალა, სადაც სუს-ის მიერ დაკავებული ადამიანების ტერორიზმში ბრალდებულებთან კავშირი არის ასახული.
„თელავში იყო შეხვედრა, სადაც მათ პანკისში განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდეთ. ამავდროულად, იმ თემაზე, თუ რა კავშირში იყვნენ დაკავებულები იმ ტერორისტულ დანაშაულებრივ ჯგუფთან, რომლის ლიკვიდაციაც მოხდა ბერი გაბრიელის ქუჩაზე. შეხვედრა აუცილებელი იყო, ვხედავდით მის აუცილებლობას. მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი რა თქმა უნდა უხუცესებისგანაც მოდიოდა.
მათ დაინახეს, რომ ინფორმაციით, რაც მიაწოდეს – ეს იყო გარკვეული აუდიო და ვიდეო ინფორმაცია, სადაც ნათლად ჩანდა ამ ადამიანების კავშირი ტერორისტული დაჯგუფების წევრებთან და მათ მიიღეს ობიექტური ინფორმაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაიმე ინსინუაციები, პროვოკაციული განცხადებები და ა.შ. სიტუაციის დამძაბავი რომ არ იყოს ხეობაში, რამეთუ ხეობის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, უხუცესების მთელი შემადგენლობა რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესების, მშვიდობის მხარესაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, მასალებიდან ჩანს პირდაპირი კავშირი დანაშაულებრივ ჯგუფთან.
„მათ შორის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი იყო უშუალოდ მეგზური ამ ადამიანების და რა თქმა უნდა, ისიც ავუხსენით, რომ არავის მიზნად არ ჰქონდა მისი დაზიანება. უბრალოდ, ეს იყო იძულებითი რეაგირება სპეცოპერაციის მონაწილე სპეცრაზმელისა, როდესაც მან წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის ამოღება სცადა. როგორც ახსნეს, მათ იგი სჭირდებოდათ ცოცხალი, ჯანმრთელი, დაკავებული, როგორც ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, რომელსაც ყველაზე მეტი ინფორმაცია შეეძლო მიეცა გამოძიებისათვის.
ჩანდა, როგორ არის მაჩალიკაშვილი იმ დაჯგუფების წევრებთან ერთად, სხვადასხვა ქმედებებს როგორ ახორციელებენ და ასე შემდეგ. ასევე, ფინანსური მხარე ჩანდა მისი თანამონაწლეობის და მათი კავშირის იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ბერი გაბრიელის ქუჩაზე იყვნენ დაჯგუფებაში.
არავითარი განსაკუთრებული მოთხოვნა შეხვედრაზე არ დაუყენებიათ. უბრალოდ ითქვა, რომ გამოძიება ღიად და გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს და ზოგადად, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რაც პანკისისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პანკისის ხეობაში სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.
„თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სუს-ში.