პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, ღვთისმშობლის ეკლესიის ტერიტორიაზე უნებართვო სამუშაოები შეჩერდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე უნებართვო სამუშაოები შეჩერდა.
უწყების ინსპექცია საქმით „საყდრისის კომიტეტის“ წევრების შეტყობინების საფუძველზე დაინტერესდა.
„არასამთავრობო ორგანიზაციიდან მიღებული ცნობა, რომელიც ე.წ. „შავი არქეოლოგიის“ უკანონო ქმედებებზე მიანიშნებდა, სააგენტოს სპეციალისტების მიერ ვითარების ადგილზე გარკვევის შემდეგ დადასტურდა. მონიტორინგისას აღმოჩნდა, რომ ტაძრის ინტერიერში, მის აბსიდთან და სამხრეთის მინაშენის დასავლეთ კედელის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული თხრილების შედეგად სამარხები იყო დაზიანებული. მოკვლევით დადასტურდა, რომ სამუშაოები რამდენიმე ეტაპად იყო განხორციელებული, რომელთაგან ნაწილი ადრეული, ნაწილი კი რამდენიმე დღის წინანდელია. კანონდარღვევის ფაქტზე სააგენტომ უკვე მიმართა პოლიციას, რის შედეგადაც დაწყებულია ფაქტზე მოკვლევა და აღძრულია სისხლის სამართლებრივი საქმე“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, პარალელურად, ბირკიანის ღვთისმშობლის VIII საუკუნის დროინდელ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.
ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX სს. დარბაზული ეკლესიაა თანადროული სამხრეთისა და დასავლეთის მინაშენით. ეკლესია ნატეხი ქვითაა ნაგები, კუთხეებში გამოყენებულია შირიმის ქვები. სამხრეთის მინაშენი ორნაწილადაა გაყოფილი: აღმოსავლეთის მხარე – პასტოფორიუმი უაბსიდოა და ტაძარს კარით უკავშირდება. დასავლეთ ნაწილს კი აღმოსავლეთის აბსიდი აქვს. ის დასავლეთ მინაშენთანაა დაკავშირებული და ამგვარად გარშემოსავლელს ქმნის.