სამთავისის კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთის სამუშაოები შეჩერდა
სამთავისის კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთის სამუშაოები შეჩერდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადების საფუძველზე, სამთავისის კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთზე ნიჩბისის ქვის დაგების სამუშაოები შეჩერდა.

როგორც საქართველოს პირველ არხთან მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ისიდორა აცხადებს, სამუშაოების დაწყება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომლებთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მოხდა, თუმცა მისთვის არ არის ცნობილი, ვისთან შეთანხმდნენ, რადგან წლების განმავლობაში იყო საუბრები, რომ ბილიკი უნდა გაკეთებულიყო.

ადგილობრივ ეპარქიაში აცხადებენ, რომ ნებართვის გარეშე ბილიკის მოწყობა შეცდომა იყო და სამუშაოებს მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით გააგრძელებენ.

„შევწყვიტეთ სამუშაოები. სააგენტოდან ჯერ წერილი არ მიგვიღია. ეს შეცდომა სიჩქარით მოგვივიდა. სიტყვიერი შეთანხმება იყო სააგენტოს თანამშრომლებთან წლების განმავლობაში, რომ ეს უნდა გაკეთებულიყო. მე არ ვიცი ვისთან, ეს საუბარი ეპარქიის წინამძღვარს ჰქონდა. სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე დავიწყეთ სამუშაოები სამი კვირის წინ. მოვიდნენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან და მოგვცეს შენიშვნები, შეიტანეს გარკვეული კორექტირება. ეს არ უნდა დაწყებულიყო პროექტის გარეშე და შევჩერდით.
ვიჩქარეთ და აღარ დაველოდეთ ნებართვის მიღებას. 6 სექტემბერს ტაძარში ძმები კარბელაშვილების ხსენების დღეს აღვნიშნავთ და ტაძრამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის გაკეთება გვინდოდა. ბევრ სტუმარს ველოდებით. წვიმაში გავლა რთულია, მრევლს მოსვლა უჭირდა. ეს ქვა შემოსწირეს ტაძარს და ვიფიქრეთ, დღესასწაულისთვის გაკეთება. ნიჩბისის ქვით არის მოპირკეთებული ტაძრის იატაკი. რადგან ბილიკის მოსაპირკეთებლად იგივე ქვა გამოვიყენეთ, არ გვეგონა, თუ ამას რამე მოჰყვებოდა. თურმე კორექტირება სჭირდებოდა, რომ ზედაპირი არ უნდა ყოფილიყო სწორი და პრიალა. ეს შენიშვნა მივიღეთ“, – დედა ისიდორამ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები დაფიქსირდა.