პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ადგილობრივებმა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს
„სოლიდარობა პანკისიდან, არა უკანონო ჰესების მშენებლობას, არა ნამახვანჰესს“, – ამ ლოზუნგებით პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ადგილობრივებმა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ისინი ეწინააღმდეგებიან „ნამახვანჰესისის“ მშენებლობას და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხალხის მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს
„ჩვენ მხარს ვუჭერთ რიონის ხეობის მცველებს ნებისმიერ სიტუაციაში. მათ გვერდით დადგომა თუ დასჭირდებათ, ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ, რადგან საქართველოში ნებისმიერი ხელისუფლება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიხვდეს, რომ ხალხი არის ძალა და ხალხის ხმა უნდა ესმოდეს“, – განაცხადა თემურ ცათიაშვილმა.
ადგილობრივები პანკისში დაგეგმილი ჰესის მშენებლობის საკითხსაც გამოეხმაურნენ, რომლის წინააღმდეგაც მათ ორი წლის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და ჰესის მშენებლობისთვის შეტანილი რკინის მილების ხეობიდან გატანა მოითხოვეს. ამასთან, ხეობაში არსებული ჰესებიდან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას ითხოვს.
ისინი აცხადებენ, რომ მათ სურთ პანკისის ხეობაში დასრულდეს ჰესებზე საუბარი და ტურისტებისთვის მიმზიდველ მხარედ იქცეს.