პანდემიამ ტრადიციული „ბენედელას თასი“ ჩაშალა - ტურნირი, სავარაუდოდ, 2021 წელს გაიმართება
ბავშვთა ტრადიციული ტურნირი „ბენდელას თასის“ გათამაშება 2020 წელს აღარ გაიმართება – ამის შესახებ საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ იუწყება.
„საერთაშორისო ტურნირი „ბენდელას თასი”, რომელიც „საბურთალოს“ ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდებოდა, მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, წელს აღარ ჩატარდება. ვითარებიდან გამომდინარე, თუ შესაძლებლობა მოგვეცემა, მომავალ წელს „ბენდელას თასის“ ორ ტურნირს ჩავატარებთ, ზაფხულსა და ზამთარში“ – წერია „საბურთალოს“ გვერდზე.
„ბენდელას“ თასის გათამაშება 1993 წლიდან ტარდება და აფხაზეთის ომში გმირულად გარდაცვლილი ზაზა ბენდელიანის ხსოვნას ეძღვნება. ტურნირი ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი იმართებოდა – მაშინაც, როდესაც საქართველოს სუპერთასიც ვერ თამაშდებოდა, „ბენდელას თასი“ პრესტიჟულ ტურნირად იქცა და მასში ყველა ცნობილ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია.
ბოლო 10 წლის განმავლობაში „ბენდელას თასის“ გათამაშების ფორმატი ორჯერ შეიცვალა. ერთი ხანობა, ორი ტურნირი ტარდებოდა – უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებისთვის, რომლებიც თამაშებს სეზონისთვის მოსამზადებლად იყენებდნენ და ბავშვებში, რომლებიც მთავარი პრიზის მფლობელს დეკემბერში ავლენდნენ. ბოლო რამდენიმე წელი კი მხოლოდ ბავშვთა ტურნირის სახით შემორჩა და „ზამთრის თასთან“ ერთად, პატარა ასაკის ფეხბურთელებში ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად ითვლება.