„საბურთალომ“ „სამგურალი“ დაამარცხა და საქართველოს თასის ფინალში ბათუმის „დინამოს“ ეთამაშება #1TVSPORT
„საბურთალომ“ „სამგურალი“ დაამარცხა და საქართველოს თასის ფინალში ბათუმის „დინამოს“ ეთამაშება #1TVSPORT

თბილისის „საბურთალომ“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში წყალტუბოს „სამგურალი“ 2:1 დაამარცხა და ფინალში ბათუმის „დინამოს“ ეთამაშება.

თბილისელებმა თამაში შესანიშნავად დაიწყეს, პირველ ნახევარში უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიში ძალიან სწრაფად გახსნეს – მე-2 წუთზე „საბურთალოს“ ნახევარმცველმა, ოთარ მამაგეიშვილმა მარჯვენა ფლანგზე შეტევა ცოტნე კაპანაძეს გაუგრძელა, რომლის გადაცემითაც შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა.

მეორე ნახევარი სწრაფ ტემპში და სანახაობრივად წარიმართა. 47-ე წუთზე, თედო კიკაბიძის გადაცემის შემდეგ „სამგურალის“ შეტევა ლუკა ხორხელმა დააგვირგვინა და ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ ზუსტად ორ წუთში „საბურთალოს“ სწრაფი კონტრშეტევა ისევ ცოტნე კაპანაძემ განავითარა, მეტოქის კარი კი შეიკნე სილამ აიღო და, როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:1.

საქართველოს თასის ორივე ფინალისტი ცნობილია – 6 დეკემბერს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „საბურთალო“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

„საბურთალო“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში მესამედ ითამაშებს. თბილისური გუნდი წინა ორ შემთხვევაში (2019, 2021) თასს დაეუფლა – საინტერესოა, რომ მეორე ფინალში თბილისელებმა „სამგურალი“ დაამარცხეს (1:0).