საფეხბურთო ტაიმაუტი | იური ტაბატაძე - ფინალის შემდეგ მომხდარი კონფლიქტი იქვე ამოიწურა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | იური ტაბატაძე - ფინალის შემდეგ მომხდარი კონფლიქტი იქვე ამოიწურა #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი საქართველოს თასის მფლობელი, „საბურთალოს“ კაპიტანი იური ტაბატაძე იყო, რომლის თქმითაც, ბათუმის „დინამოსთან“ ფინალური დაპირისპირების შემდეგ მომხდარი კონფლიქტი სტადიონზევე ამოიწურა.

„ფინალი დაძაბული იყო, რადგან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მოთამაშეებისა და ჩვენი კლუბისთვის – სეზონის ტიტულით დასრულება და ევროსარბიელზე გასვლა გვსურდა. მიზნის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთეთ და ამან შედეგი გამოიღო. რაც შეეხება მატჩის შემდეგ მომხდარ დაძაბულობას – რაც სტადიონზე ხდება, ეს ყველაფერი იქვე მთავრდება და ასეც მოხდა.

მომდევნო სეზონში ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონობა და კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა, რადგან ეს ქართველი გულშემატკივრის ოცნებაა. ძალიან გვინდა, რომ ამ ისტორიის თანამონაწილეები გავხდეთ. ამისთვის იანვრის შეკრებაზე მაქსიმალურად გავძლიერდებით. ჩვენი მწვრთნელი გიორგი მიქაძე გუნდს თავისი შეხედულებითა და გემოვნებით დააკომპლექტებს.

ვეთანხმები ჩვენი გუნდის ყოფილ მწვრთნელს, ომარ თეთრაძეს, რომ „საბურთალოს“ ფეხბურთელები საქმეს პროფესიონალურად ეკიდებიან. თავიდან, ეტყობა, ვერ წარმოედგინა, რომ ქართველ მოთამაშეებს საქმისადმი ასეთი მიდგომა შეიძლება ჰქონოდათ, რადგან გარედან სხვაგვარად ჩანს. მაგრამ მუშაობისას ჩვენი დამოკიდებულება დაინახა – მარტო ორსაათიან ვარჯიშებს არ ვკმაყოფილდებით და საკუთარ თავზე ვმუშაობთ.

საქართველოში ფეხბურთელების განვითარება რთული იმიტომ არის, რომ კლუბებში სათანადო ინფრასტრუქტურა არ არის. მხოლოდ რამდენიმე გუნდს აქვს საკუთარი ბაზა, სადაც ფეხბურთელი დარჩება, ექნება შესაბამისი კვება, აღდგენით პროცედურებს ჩაიტარებს, რომ მატჩები მთელი ძალით ითამაშოს. ეროვნულ ლიგაში არასტაბილურობაც ამის შედეგია“, – ამბობს იური ტაბატაძე.