ჩვენს მიწას არ დავტოვებთ, – ამის შესახებ პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე განაცხადა.
„ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით გადაადგილებას, ჩვენ დავრჩებით ჩვენს მიწაზე, როგორიც არ უნდა იყოს გამოწვევები“, – აღნიშნა მან და მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს „ბარბაროსული აგრესია“ ღაზაში.
ამასთან, პალესტინის პრეზიდენტმა მოითხოვა საერთაშორისო სამშვიდობო სამიტის ჩატარება ისრაელისა და „ჰამასის“ ომის დასასრულებლად.
„მკაცრად ვგმობ ორივე მხარის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. მოვითხოვ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ტყვეების გათავისუფლებას“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა.
ეგვიპტის დედაქალაქში სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც 20 ქვეყნიდან ჩასული მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან. სამიტში მონაწილეობას არ იღებენ აშშ-ის, ისრაელის, „ჰამასისა“ და ირანის წარმომადგენლები.