პაკისტანელი ქრისტიანი ასია ბიბი, რომელსაც სამშობლოში სასიკვდილო განაჩენი გაუუქმეს, კანადაში იმყოფება
პაკისტანელი ქრისტიანი ასია ბიბი, რომელსაც გასულ წელს სამშობლოში სასიკვდილო განაჩენი გაუუქმეს, კანადაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანჯაბის პროვინციის მცხოვრები, ხუთი შვილის დედა ასია ბიბი პაკისტანიდან გაიყვანეს, რადგან ადგილობრივი ექსტრემისტული ჯგუფები მას მოკვლით ემუქრებოდნენ. როგორც ადვოკატი აცხადებს, კანადაში იმყოფებიან ბიბის შვილებიც.
ხუთი შვილის დედა ასია ბიბი მეზობლების განცხადების საფუძველზე 2009 წელს დააკავეს. მეზობლებმა ქალი მუჰამედ წინასწარმეტყველის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ ასია ბიბის „ღვთის გმობისთვის“ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, თუმცა გასული წლის ოქტომბერში ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გააუქმა და ის უდანაშაულოდ ცნო, რასაც პაკისტანში რადიკალთა საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, ასია ბიბის იზოლირებულ საკანში ყოფნა მოუწია, რადგან გათავისუფლების შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.