პაციენტს, რომელიც საჩხერის კლინიკიდან საკარანტინო ზონაში იყო გადაყვანილი, კორონავირუსი ისევ დაუდასტურდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი მკურნალობს. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტი საჩხერის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცია, მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
პაციენტი კლინიკაში განმეორებით ექვსი დღის წინ, კარანტინის ზონიდან შევიდა.
ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა, აღნიშნული პაციენტი ახალი შემთხვევა არ არის.
„პაციენტი მკურნალობის პროცესში იმყოფებოდა. ორჯერადი ტესტირების შემდეგ თუ პასუხი არის უარყოფითი, მასზე კლინიკური მეთვალყურეობა აღარ კეთდება და გადადის თვითიზოლაციაში ან კარანტინში, რომ კიდევ ორი კვირა მოხდეს დაკვირვება. ამ ორი კვირის განმავლობაში თუ გამოვლინდება ისევ კლინიკური სიმპტომები, გრძელდება კლინიკური მკურნალობა, თუ არ გამოვლინდება, კიდევ ერთხელ ვტესტავთ და საბოლოოდ ეწერება ბინაზე. ამას მოიცავს მთლიანად მკურნალობის პროტოკოლი. ამ ეტაპზე ახალი არაფერი არ არის, ძველი შემთხვევაა, რომელზეც მიმდინარეობს კლინიკური მეთვალყურეობის პროცესი“,- აღნიშნა გიორგიძემ.
მისივე თქმით, პაციენტს თავის დროზე გაუკეთდა პისიარკვლევა, იყო უარყოფითი პასუხი, ამიტომაც გადავიდა კარანტინის ზონაში.
„ერთი კვირის ვადაში კიდევ გამოუვლინდა სიმპტომები, ტესტმა ისევ დადებითი აჩვენა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მკურნალობიდან ერთი ან ორი კვირის განმავლობაში შეიძლება პისიარკვლევით აღარ ჩანდეს სიმპტომები. ამიტომაც არის, რომ პროტოკოლით მკურნალობის პროცესი მოიცავს შემდგომ მეთვალყურეობის პერიოდს, ორკვირიან თვითიზოლაციას ან კარანტინს“,-აღნიშნა გიორგიძემ.