პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის გამო დიდი ხნით მოუწიათ კლინიკებში ყოფნა, რეაბილიტაციის კურსს აბასთუმანსა და სხვა საკურორტო ზონაში გაივლიან
გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პაციენტები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სტაციონარში ყოფნა, შეძლებენ საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საკურორტო ზონა იქნება აბასთუმნის კლინიკა, რომელიც პირველივე დღიდან არის მობილიზებული, როგორც საკარანტინო ზონა და მას შემდეგ უკვე ჰქონდა ცხელების კლინიკის სტატუსიც.
„ეს იყო ყველაზე საინტერესო შემთხვევები, რომლებიც კლინიკურ ჯგუფთან ერთად განვიხილეთ. ეს ინიციატივა მივიღეთ და ვთვლით, რომ არის ძალიან სწორი და კარგი რეკომენდაცია. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ასეთი პაციენტები შეძლებენ, საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკურორტო ზონა იქნება აბასთუმნის კლინიკა, რომელიც პირველივე დღიდან არის მობილიზებული, როგორც საკარანტინო ზონა და შემდეგ უკვე ჰქონდა ცხელების კლინიკის სტატუსიც. გარდა ამისა, გარემო პირობებიდან გამომდინარე, კოლეგებთან შეთანხმებით, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნებოდა პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის მათი იქ განთავსება. შემდეგ დღეებში უკვე ველოდებით პაციენტების სახელობით სიას, რომელთა მკურნალობა გახანგრძლივდა 14 დღეზე მეტი, მათ არ აღენიშნებათ არანაირი კლინიკური სიმპტომატიკა, მათი პასუხი არის სუსტი დადებითი და საჭიროებენ მხოლოდ ექიმების მეთვალყურეობას. ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ვირუსის ქცევა, გავრცელება და გადადების კოეფიციენტი, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პაციენტის სასარგებლოდ, უსაფრთხოების გამო, ეს პაციენტები გადავიყვანოთ აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრში და იქ განაგრძონ შედგომი მეთვალყურეობა“, – განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, თუ იგეგმება სხვა ცენტრებშიც პაციენტების გაგზავნა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის ელოდება, თუ რამდენია ასეთ პაციენტი და ამის მიხედვით მოიძიებენ სხვადასხვა ობიექტს.
„აბასთუმნის ცენტრი 100 საწოლზეა გათვლილი, რომელიც ამ ეტაპზე სრულად დაფარავს იმ საჭიროებას, რომელიც კლინიკებს აქვთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეკითხვაზე, დაფუძნებულია თუ არა მკურნალობის ეს პრაქტიკა რომელიღაც ქვეყნის გამოცდილებაზეა, მინისტრმა აღნიშნა – „საქართველომ მიმართა რამდენიმე პრაქტიკას, რომელიც ძალიან წარმატებულია და მსგავსი პრაქტიკა ჯერ არცერთ ქვეყანას არ აქვს“.
„ჩვენს პრაქტიკას გავაზიარებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქვეყანა ჩვენს გადაწყვეტილებას მოიწონებს. ჩვენს ქვეყანაში შემოსული ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონებში განვათავსეთ და ამით მნიშვნელოვნად შევზღუდეთ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება. სწორედ ასევე, მიგვაჩნია, რომ ეს იქნება გარკვეულად ახალი სახის ინიციატივა, ამას გავუზიარებთ უცხოელ კოლეგებს, მათგან პასუხსა და რეაგირებას დაველოდებით. სავარაუდოდ, ეს იქნება საქართველოს ტრენდი, რომელიც შემდეგ სხვა ქვეყნებშიც დაინერგება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.