პაატა სალიამ რეესტრს დაუდასტურა, რომ მზად არის, „რუსთავი 2“-ის დირექტორის თანამდებობა დაიკავოს
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ საჯარო რეესტრს წერილობით დაუდასტურა, რომ მზად არის, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორის თანამდებობა დაიკავოს.
„მე, პაატა სალია, ვაცხადებ თანხმობას, დავინიშნო შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორად წარმოდგენილი კრების ოქმის საფუძველზე, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით“, – წერია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს რეესტრმა ტელეკომპანიის 60-პროცენტიანი წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში, 40-პროცენტიანი წილის მფლობელად კი შპს „პანორამა“ დაარეგისტრირა. ამის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა.
კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.