პაატა სალია - პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ ეს არ იყო ბრძოლა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, ეს იყო ბრძოლა უფლებების აღდგენისათვის
პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ ეს არ იყო ბრძოლა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, ეს იყო ბრძოლა უფლებების აღდგენისათვის, – ამის შესახებ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პაატა სალიას თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ტოვებს ადგილს ინტერპრეტაციებისთვის.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ტოვებს ადგილს სხვა ინტერპრეტაციებისსთვის. მე გავეცანი იმ ნაწილებს, სადაც იყო 39-ე მუხლის საფუძველზე შეტანილ განცხადებაზე საუბარი. სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ შეჩერების მექანიზმი გაუქმებულია.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სტრასბურგის სასამართლომ მომდევნო შეტყობინებამდე შეაჩერა და სთხოვა სახელმწიფოს არ აღესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. მომდევნო შეტყობინება მივიღეთ, ეს შეტყობინება საბოლოოა, „რუსთავი 2“-ის სარჩელი და განაცხადი საერთოდ დაუშვებლად არის ცნობილი. შესაბამისად ჩვენ არ ვთვლით, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებას ექვემდებარება“, – განაცხადა პაატა სალიამ.
ამასთან პაატა სალიას თქმით სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაში გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიღებს.
„დღეს ან ხვალ მიღებს ქიბარ ხალვაში შესაბამის გადაწყვეტილებას და ვიმოქმედებთ ამ გადაწყვეტილებების მიხედვით. მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება პროცესი, მაქსიმალურად ღია ვიქნებით.
ნიკა გვარამიას მხრიდან იყო განცხადებები, რომ მოსამართლეებს ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეთ და აშ. ის არ ენდობოდა საქართველოს სასამართლო სისტემას, ენდობოდა სტრასბურგს, სტრასბურგის გადაწყვეტილება მივიღეთ, ახლა არ ვიცი ენდობა თუ არა სტრასბურგს მას უნდა კითხოთ“, – განაცხადა პაატა სალიამ.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.