პაატა სალია - პასუხისმგებელი სახელმწიფოსთან, კრედიტორებთან არის გენერალური დირექტორი, შესაბამისად, საუბარია ნიკა გვარამიას პასუხისმგებლობაზე
პასუხისმგებელი სახელმწიფოსთან, მესამე პირებთან, კრედიტორებთან არის გენერალური დირექტორი და შესაბამისად, საუბარია ნიკა გვარამიას პასუხისმგებლობაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განუცხადა.
როგორც სალიამ აღნიშნა, დანარჩენი ყველა ადამიანი მოქმედებდა გვარამიას მითითებით ან მისი ნებართვით.
„ამდენად, თუ გვარამია იტყვის, რომ მან რაიმე არ იცოდა, ვინმემ რამე დაარღვია, ამაზე მას უნდა ჰკითხოთ ალბათ. მან გააკეთა მსგავსი განცხადება, თუმცა დღეის მდგომარეობით, დირექტორი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე. შესაბამისად, დანარჩენს უკვე ალბათ გამოძიებაც დაადგენს. ჩვენი მხრიდან აუდიტის ჩატარების შედეგად გვექნება ინფორმაცია, თუ რა დღეშია კომპანია საბოლოო ჯამში, რა ვალები გვაქვს და ა.შ. გვინდა ეს შემდგომ საზოგადოებამაც იცოდეს იმ ფარგლებში, რაც კომპანიის ინტერესებს არ დააზიანებს“, – განაცხადა პაატა სალიამ.
„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა, როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით (შპს „ინტერ მედია პლიუსს“ ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა „რუსთავი 2“-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების ორი საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ. 2017 წლის მარტში ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა „რუსთავის 2“-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა – საერთო ჯამში 602 521 ლარად“, – აცხადებენ პროკურატურაში.