პაატა სალია - ნიკა გვარამიას განცხადება, რომ არ შეიძლება დირექტორის გათავისუფლება, სამართლებრივი ნონსენსია
ნიკა გვარამიას განცხადება, რომ არ შეიძლება დირექტორის გათავისუფლება, სამართლებრივი ნონსენსია, – ამის შესახებ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც კომპანიამ დაიქირავა ის დირექტორად და არ აპირებს თანამდებობის დატოვებას.
„ნიკა გვარამიას განცხადება, რომ არ შეიძლება დირექტორის გათავისუფლება, სამართლებრივი ნონსენსია. წინასწარ არ ვიცი, რა ხელშეკრულება შეადგინა, ამას ალბათ ვნახავთ, როცა საშუალება მოგვეცემა და სამართლებრივ ნაწილზე გავაკეთებთ კომენტარს“, – განაცხადა პაატა სალიამ.
ამასთან, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებით ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევა არ მოხდება.
„ნაადრევია ვისაუბრო კონკრეტულად გეგმებზე, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, რა გვხვდება კომპანიაში, მატერიალური და ფინანსური თვალსაზრისით, ასევე ვალდებულებების ნაწილში. რაც შემიძლია ცალსახად ვთქვა და ამაზე ქიბარ ხალვაშმა ცალსახა პოზიცია დააფიქსირა, რომ არანაირი ჩარევა, მითითება არ იქნება ჟურნალისტების მიმართ მათ საქმიანობაში. ისინი გააგრძელებენ საქმიანობას როგორც თვლიან საჭიროდ. მე როგორც საქმიანობა მესახება მხოლოდ კომპანიის მენეჯმენტთან დაკავშირებული და არა სამაუწყებლო ნაწილთან“, – განაცხადა პაატა სალიამ.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.