პაატა სალია აცხადებს, რომ ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ზე წამყვანად ვერ გააგრძელებს მუშაობას, გიორგი გაბუნია კი შეზღუდვის გასვლის შემდეგ განაგრძობს საქმიანობას
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ნიკა გვარამია არხზე წამყვანად ვერ გააგრძელებს მუშაობას, გიორგი გაბუნია კი შეზღუდვის გასვლის შემდეგ განაგრძობს საქმიანობას. ამის შემდეგ სალიამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა ნიკა გვარამია ტელევიზიაში საქმიანობას, როგორც წამყვანი, პაატა სალიამ აღნიშნა: „გუშინდელი განცხადება თუ ნახეთ, ნახავდით ამაზე პასუხსაც, რომ არ გააგრძელებს“.
ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, ხომ არ განიხილება ტელეკომპანიაში გიორგი გაბუნიას ორი თვის ვადაზე ადრე დაბრუნების საკითხი, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ასეთი საკითხი დღეს, ჟურნალისტებთან მისი შეხვედრისას არ დასმულა.
„ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული გიორგისთან დაკავშირებით, მაშინ როცა ის იყო მიღებული და ორი თვით შეეზღუდა გადაცემების წაყვანა არხზე, ეს იყო ალბათ ის გადაწყვეტილება, რომელზეც მე მგონი, ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დიდი კონსენსუსი იყო. ვერ ვხედავ საფუძველს და არ ვიცი, რატომ გაჩნდა მოსაზრება, რომ ის ორ თვეზე ადრე უნდა დაბრუნდეს. რამ უნდა შეცვალოს ეს გადაწყვეტილება, რომელიც თვითრეგულირების საბჭომ მიიღო ორგანიზაციაში. ორი თვის შემდეგ, როდესაც მას მოეხსნება ის შეზღუდვა, რაც მას დაუწესა თვითრეგულირების საბჭომ, ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას. არ ეხება საკადრო ცვლილებები არავის, გარდა ნიკა გვარამიასი“, – აღნიშნავს არხის ახალი დირექტორი.
სალია არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მოლოდინითაც, მას შეცვლიან.
„ეს მოლოდინი გაუცრუვდება მას, თუ ის მას ელოდება. ასეთი რამ არ მითქვამს, ასეთი ამოცანა ქიბარ ხალვაშს ჩემთვის არ დაუსახავს და დღესაც გიდასტურებთ იმას, რასაც გუშინ ვიძახდი“, – აღნიშნავს სალია.
კითხვაზე, მოსწონს თუ არა მას მელაძის მიერ შექმნილი სატელევიზიო კონტენტი და დარჩება თუ არა ის ეთერში, პაატა სალიამ განაცხადა: „მე რა მომწონს და არ მომწონს ეს არის ჩემი საქმე, რომელიც არ ახდენს ზეგავლენას იმაზე, რასაც აკეთებს ნოდარ მელაძე“.
რაც შეეხება კითხვას გადაცემა „კვირის აქცენტებთან“ დაკავშირებით, რომელიც არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან ერთად მიჰყავდა, პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა: „მე არ ვიცი გვარამიას პოზიცია ამასთან დაკავშირებით, მე ვიცი ხალვაშის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ ის ამის წინააღმდეგია. დანარჩენი არის ისე როგორც იყო“.