პაატა სალია - აბსურდია იმის თქმა, რომ ვიღაცას უნდა „რუსთავი2“-ის გაკოტრება
აბსურდია იმის თქმა, რომ ვიღაცას უნდა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გაკოტრება, – ამის შესახებ ტელეკომპანიის დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა.
სალია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადების იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, „რუსთავი2“-ის მძიმე ფინანსური მდგომარეობა მისი ახლანდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის სასამართლო დავის დროს ტელევიზიის ქონების დაყადაღებამ შექმნა.
„ვმუშაობთ იმაზე, რომ დავალიანება დავფაროთ, ადამიანებმა მიიღონ ხელფასები და ნორმალურად გავაგრძელოთ მუშაობა. ყადაღაზე საუბარი უნდა დასრულდეს. ერთი ფურცელიც არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ ტელევიზიას ზიანი მიადგა ყადაღის შედეგად. ჩემი არაერთი განცხადებაა 2015 წელს, რომ მზად ვართ, მოვხსნათ ყადაღა იმ ნაწილში, რაც ტელევიზიას დაბრკოლებას უქმნის, თუმცა არავის მოუმართავს ჩვენთვის „რუსთავი2“-ის მაშინდელი ხელმძღვანელობიდან”, – განაცხადა სალიამ.