პაატა ქურდაძე - უკვე გაჩნდნენ ადამიანები, ვინც მანქანები დაამტვრია და ისინი გამრავლდებიან, ეს ძალიან საშიშია
ასეთი ადამიანები უკვე გაჩდნენ, ვინც მანქანები დაამტვრია და ისინი გამრავლდებიან, ეს ძალიან საშიშია, – ამის შესახებ მწერალმა, საქართველოს პირველი არხის მედია წარმოების ბლოკის დირექტორმა პაატა ქურდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„მას შემდეგ ცხრა, თუ ათი დღე გავიდა და აბსოლუტურად ყველა დუმს იმაზე, რაც ფილარმონიასთან დილით მოხდა, როდესაც მანქანა დალეწეს. ფრანგები ამას ვანდალებს ეძახიან. აი, გამოჩდნენ პირველები, ვინც დალეწა და ეს თემა სალაპარაკო თემაა, ვინ არიან ისინი. ასეთი ადამიანები უკვე გაჩნდნენ და ისინი გამრავლდებიან. ეს ძალიან საშიშია. მომავალში, შეიძლება, მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიონ და გაიტანონ. რომ გეკითხათ, ამას რატომ აკეთებდნენ, ვერ გიპასუხებდნენ. მგონია, რომ არის ძალიან ბევრი თემა, რომელიც ამოსაწევია ამ პერიოდიდან. არ არის აუცილებელი, მხოლოდ და მხოლოდ ორ-სამ თემაზე ვიყოთ კონცენტრირებული, რაზეც ვართ და მხოლოდ ამაზე ვილაპარაკოთ. ჩვენ ეს გვახასიათებს. მთელი ერი ყოველთვის ერთ საკითხზეა კონცენტრირებული“, – განაცხადა პაატა ქურდაძემ.
მწერალმა ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებაში ძალიან სერიოზულად დგას ერთმანეთთან ურთიერთობის პრობლემა.
„სულ გაბრაზებული ვართ და ერთმანეთთან ვერ ვურთიერთობთ. არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, ადამიანები ვერ ურთიერთობენ ერთმანეთთან და ახალგაზრდებიც კი ვერ ურთიერთობენ. ერთი ჯგუფი თავისთვის არის, მეორე თავისთვის და მათ გამაერთიანებელი არ აქვთ. შეიძლება, არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ პატრიოტიზმი არ არის ისეთი რამ, რაც ადამიანებს ხანგრძლივად აერთიანებს. რაღაც მომენტის შემდეგ, ეს წყნარდება. სინამდვილეში, ადამიანებს ყველაზე ღრმად, საერთო კულტურა აერთიანებს, როდესაც ჩვენ ერთი კულტურული ღირებულებები გვაქვს. ამიტომ ვლაპარაკობ კულტურულ რევოლუციაზე“, – განაცხადა პაატა ქურდაძემ.
მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ახლა, რაღაცნაირად, კულტურული კონფლიქტისკენ მივდივართ.