პაატა ქურდაძე - ოცდაათი წლის განმავლობაში, ათწლიანი მონაკვეთებით, ქართველი ერი სულ ვიღაცას ელოდებოდა
ოცდაათი წლის განმავლობაში, ათწლიანი მონაკვეთებით, ქართველი ერი სულ ვიღაცას ელოდებოდა, – ამის შესახებ მწერალმა, საქართველოს პირველი არხის მედია წარმოების ბლოკის დირექტორმა პაატა ქურდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ჯერ იყო ზვიად გამსახურდია, რომლის აბსოლუტური იმედი ჰქონდათ. მერე ასეთივე აბსოლუტური იმედი ჰქონდათ შევარდნაძის, მერე სააკაშვილის, შემდეგ ივანიშვილის და დღეს, ისეთ ნიჰილისტურ გარემოში ვცხოვრობთ, ადამიანებს უბრალოდ, არაფრის იმედი აღარ აქვთ და არ იციან, ვის ჩამოეკიდონ. არ არის მკვეთრად გამოკვეთილი პიროვნება, ვისზეც შეიძლება ჩამოკიდება, რაზეც ნაჩვევი არიან და უცებ, ათი დღის წინ გამოჩნდა ახალგაზრდების ჯგუფი, რომელზეც უფროსებმა გადაწყვიტეს, რომ აი, ესენი გადაგვარჩენენ და ჩვენ შეგვიძლია, დავისვენოთო“, – განაცხადა პაატა ქურდაძემ.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს ძალუძთ კეთილი და დიდი საქმეების კეთება და ყოველი თაობა ბევრად უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე წინა თაობა, რადგან სხვანაირად, სახელმწიფოს არსებობას აზრი არ აქვს, მაგრამ ასეთი „სეგრეგაცია“ და შეიძლება ითქვას, პირუკუღმა ეიჯიზმი მიუღებელია.
„მერე შეიძლება, ათასნაირი კითხვა დავსვათ, რომ კარგები არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც დავუშვათ, ერთად არიან, ხოლო დანარჩენები ცუდები; ან, კარგები არიან ის უფროსები, რომლებიც ამ ახალგაზრდებთან ახლოს არიან და დანარჩენები საბჭოთა წარსულის მქონე თუ ნოსტალგიით შეპყრობილი, რაღაც 37-მანეთიანი ღირებულების ადამიანები არიან და ა.შ. მე ეს არასწორი მგონია“, – განაცხადა პაატა ქურდაძემ.
როგორც ქურდაძემ აღნიშნა, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ავანგარდში ყოველთვის ახალგაზრდები იყვნენ, რაც კულტურული რევოლუციის ერთგვარი ფანტაზმია, რომელიც საქართველოში არანაირად არ მოხდა.
„საქართველოში არაფრით არ მოხდა ეს კულტურული რევოლუცია, რადგან ამას გარკვეული მიზეზები აქვს; ამას ბევრი შრომა სჭირდება, ბევრი რაღაცის ცოდნა, განათლება და გახსნილობა, რის დროსაც, ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენს თავს არ ვაძლევთ. ჩვენი სპონტანურობიდან გამომდინარე გვინდა, უცებ, ძალიან სწრაფად შევიცვალოთ; როგორც წესი, ბენზინი არ გვყოფნის ხოლმე ცოტა შორს წასასვლელად და ამიტომ, ადრე მთავრდება“, – განაცხადა პაატა ქურდაძემ.
მისივე თქმით, ოცდაათი წლის განმავლობაში თითქოს, არანაირი ძვრა არ მოხდა და ამიტომ, კულტურული რევოლუციის მიმართ ცოტა სკეპტიკური ხდება.
„პირდაპირ ვიტყვი, რომ პირველი რამდენიმე დღე დეპრესია დამემართა, როდესაც ამ არანორმალურ ღრიალს, ამ სტილს ვუყურებდი, რაც პირველად, ეროვნული მოძრაობის დროს ვნახე. ეს ძალიან საყვარელი კაცის, ირაკლი წერეთლის სტილისტიკაა. დეპრესია მემართება, როდესაც ვხედავ, რომ ახალგაზრდებს ზუსტად ისეთივე მანერები აქვთ, ზუსტად ისეთივე ტემბრი, ისეთივე სლოგანები და ისევ ჯოს-ჯოს გაიძახიან. როცა ვუყურებ, რომ ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც მაშინ დაბადებულიც კი არ იყვნენ და ოცდაათი წლის განმავლობაში თითქოს, არანაირი ძვრა არ მოხდა, ცოტა სკეპტიკური ვხდები ამ კულტურული რევოლუციის მიმართ. მგონია, რომ ეს კულტურული კონფლიქტი მათ პირველ რიგში, თავის თავთან აქვთ მოსაგვარებელი, მაგრამ ბოლო ორი-სამი დღეა, როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, თითქოს, რაღაც ნიშნები დაეტყო. ახლა უკვე, მართლა მღერიან, ცეკვავენ და ა.შ.“ – განაცხადა პაატა ქურდაძემ.
მწერალმა ასევე განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდები ძალიან საინტერესო არიან, მაგრამ ჩვენ საინტერესო უნდა ვიყოთ ყველა ასაკში, რომელშიც ვიმყოფებით და არასდროს არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენი დრო დამთავრდა.