პაატა ქურდაძე - ევროპის ბიურო არ არის მხოლოდ ბრიუსელის ბიუროკრატია, ქართულ ტელევიზიებს აკლია, რა ხდება ევროპაში, არა მხოლოდ დედაქალაქებში
საზოგადოებრივი მაუწყებლის მედია წარმოების ბლოკის დირექტორის პაატა ქურდაძის განცხადებით, ევროპის ბიურო არ არის მხოლოდ ბრიუსელის ბიუროკრატია და ქართულ ტელევიზიებს აკლია ინფორმაცია, რა ხდება ევროპაში, არა მხოლოდ დედაქალაქებში. ამის შესახებ პაატა ქურდაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც, ბრიუსელის ბიუროსთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილების შესახებ ისაუბრეს.
„ბევრით არ მოგაწყენთ თავს – მინდა ხაზი გავუსვა, ბიურო არ არის მხოლოდ ბრიუსელის ბიუროკრატია. ჩვენ თუ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ მესიჯზე ევროპასთან ინტეგრაციაზე, ის რაც ყველაზე მეტად აკლია ქართულ ტელევიზიებს, ეს არის ის, მართლა რაც ხდება ევროპაში და არა მხოლოდ დედაქალაქებში.
საჭირო არის მობილური ჯგუფები, რომლებმაც გარკვეული ზომები იციან. ჩვენ არ ვიცით, როგორ ცხოვრობენ იქ ადამიანები, ამას არავინ აშუქებს და ჩვენ თუ გვინდა, რომ მხოლოდ გავაშუქოთ ბიუროკრატია რასაც ამბობს, კი ბატონო, მაგრამ ამიტომ არის, რომ საქართველოში მოსახლეობას შესაძლოა, არც ისე კარგი წარმოდგენა აქვს და ასე იმარჯვებს სწორედ ის ყბად აღებული რუსული პროპაგანდა, რაც მე მოვისმინე.
ევროპა არ არის ერთი მონო ტერიტორია, აქ არის განსხვავებული კულტურები. ნორვეგია და პორტუგალია სულ სხვადასხვა რაღაცაა, ჩრდილოეთ და სამხრეთ საფრანგეთი სხვადასხვა რაღაცაა, პარიზში ჟურნალი სულ სხვა რედაქციით გამოდის და ლიონში სხვა რედაქციით, რადგან განსხვადებიან ერთმანეთისგან. მე მინახავს რეპორტაჟები, მაგრამ არ ვაკრიტიკებ, რადგან შეუძლებელია ერთმა ადამიანმა ერთ დღეში, როდესაც დიდი გამოსვლა ხდება ევროპულ დედაქალაქში, სირღმისეულად შეისწავლოს, იქ რა ხდება. არ ჯობია, მაგალითად ესპანეთში ესპანური მაინც იცოდეს კორესპონდენტმა, საფრანგეთში – ფრანგული“, – განაცხადა პაატა ქურდაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ქეთევან მსხილაძე დაინტერესდა, ჰყავს თუ არა პირველ არხს ესპანურენოვანი ჟურნალისტი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ პირველ არხზე მომუშავე ჟურნალისტები რამდენიმე ევროპულ ენას ფლობენ.
„დიახ, გვყავს. ესპანურენოვანიც გყავს, ფრანგულენოვანიც, რომ გავამზადოთ ეს ჯგუფი და როტაცია მოვახდინოთ. პოლიტიკური მდგენელი მე სასაცილო მგონია და ალბათ, ამის მთქმელსაც სასაცილო ჰგონია. თუ ევროპა გინდათ, ეგ არ არის ევროპული მიდგომა, რასაც თქვენ ლაპარაკობთ. თუნდაც ის, რომ ბევრი ჟურნალისტი მიეჩვიოს ამას, ბევრი პრაქტიკა მიიღოს, ეს არის სპორტშიც, ჟურნალისტიკაშიც და ეს არის როტაცია, რომ ერთი კი არა, ექვსი იყოს და ახლა პასუხი ასე იწყება და ამიტომ ხურავთ? კი არ ვხურავ, ექვსი იყოს-თქო, ვამბობ. ამბობთ, რომ ბინა აქვს ნაქირავები, ეს ექვსი რა სადგურზე კი არ იცხოვრებს რომ ჩავა, ან ბინაში იცხოვრებს, ან სასტუმროში იცხოვრებს და დააწერს ბიუროს. ვამბობთ – ბიურო, ბიურო კი არა, ახლა საგრაფო დავარქვათ. გყავს ორი ადამიანი, რომელთაც ვინახავთ, ძალიან საპატივცემულო, დიდი გამოცდილებით. რასაკვირველია, გამოვიყენებთ, ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, აქტივია. მოგვეცით საშუალება, რომ სხვებმაც მიიღონ ანალოგიური გამოცდილება. მთელმა წელმა გვაჩვენა, რომ ეს იყო ხარჯებთან დაკავშირებული, ეს ორი ადამიანი ვერ გაწვდა მთელ რიგ მნიშვნელოვან მოვლენებს და ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, როცა ჯგუფები გვყავდა ევროპაში და დადიოდნენ აქეთ-იქით, გადადიოდნენ ერთი ქვეყნიდან მეორეში. ყველაფერი შეცვალა თავისუფალმა სავიზო ურთიერთობებმა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი იაკობაშვილი დაინტერესდა, დაახლოებით, რა რაოდენობის პროდუქტი მიიღო პირველმა არხმა ევროპიდან წელს.
„რასაკვირველია, დავთვალეთ და აქედან გამომდინარე, უკმაყოფილო არ ვარ, არც არაეფექტიანი მე არ მითქვამს. ჩვენ ახლა არაორდინალურ სიტუაციაში ვართ, ასე ღიად არ ვსაუბრობ თანამშრომლებზე. მე არ მინდა, საჯაროდ ასე ვისაუბრო, მაგრამ ბევრად ეფექტიანად შეიძლება იმ ადამიანური რესურსის გამოყენება, რომელიც არის. შეიძლება იყოს უფრო მეტი წყვეტა ერთ რეპორტაჟსა და მეორეს შორის, შეიძლება ზედიზედ იყოს, შეიძლება უფრო დიდი წყვეტა იყოს და დროს იხდიდე. არაუშავს, ის ამ დროს რომ დაბრუნდეს მშობლიურ ქვეყანაში და აქაც ადაპტირებული იყოს, რადგან მარტო იქ ყოფნა არ არის საკმარისი, აქაურობასთანაც ბმაში უნდა იყო, მერე შეიძლება სხვა წავიდეს ეს ბევრ რამესთან არის უკვე კავშირში“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.