პაატა მანჯგალაძე - ზალკალიანის მუშაობით კმაყოფილი არ ვიყავი, მაგრამ არ მჯერა, რომ ცვლილებები ქვეყნის სუვერენული ინტერესებიდან მომდინარეობს
უკრაინის ომის ფონზე საგარეო საქმეთა მინისტრი იცვლება და ხალხმა უნდა იცოდეს მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ამოცანები ჰქონდა დასახული ხელისუფლებას, რა ვერ შეასრულა დავით ზალკალიანმა და რას გააკეთებს განსხვავებულად ახალი მინისტრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
პაატა მანჯგალაძის თქმით, არ სჯერა, რომ საკადრო ცვლილებები ქვეყნის სუვერენული ინტერესებიდან მომდინარეობს.
„ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებული საკადრო ცვლილებებით უფრო გაუარესდა და დაბლა ჩამოიწია სტანდარტმა. დავით ზალკალიანის მუშაობით კმაყოფილი არ ვიყავი, მაგრამ არ მჯერა, რომ ცვლილებები ქვეყნის სუვერენული ინტერესებიდან მომდინარეობს, ცვლილებები ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი შეინარჩუნონ საკუთარი სკამები. დავით ზალკალიანი ამერიკაში ელჩად მიდის, ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ამ ადამიანს მთელი დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ურთიერთობები ებარა და არ მგონია, ეს დაწინაურება იყოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
დავით ზალკალიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.