პაატა მანჯგალაძე - ვნახეთ ევროპის ლიდერების, ევროკომისრების, აშშ-ის, ვენეციის კომისიის პოზიცია, რომელიც გეუბნება, ეს კანონი სასწრაფოდ გაიწვიეთო, ამაზე მეტი არგუმენტი რა უნდა იყოს?
პაატა მანჯგალაძე - ვნახეთ ევროპის ლიდერების, ევროკომისრების, აშშ-ის, ვენეციის კომისიის პოზიცია, რომელიც გეუბნება, ეს კანონი სასწრაფოდ გაიწვიეთო, ამაზე მეტი არგუმენტი რა უნდა იყოს?

ვნახეთ ევროპის ლიდერების, ევროკომისრების ვენეციის კომისიის პოზიცია, რომელიც გეუბნება, ეს კანონი სასწრაფოდ გაიწვიეთო, ამაზე მეტი არგუმენტი რა უნდა იყოს? – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის გუშინდელ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„ვენეციის კომისია, რომელიც ყველაზე კომპეტენტური და შემფასებელი ორგანოა ევროპაში და ევროკავშირში, გეუბნება, ეს კანონი სასწრაფოდ გაიწვიე, არ შეესაბამება კონვენციით გათვალისწინებულ და დაცულ ადამიანის უფლებების მთავარ ფუნდამენტურ პრინციპებს, ღირებულებებსო. ამაზე მეტი არგუმენტი რა უნდა იყოს? „ქართული ოცნების“ კონკრეტულმა დეპუტატმა რა თქვა და ამაში პრემია ბიძინა ივანიშვილმა რამდენი გადაუხადა, მე მგონი, არ არის მთავარი არგუმენტი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არის ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობა, პაატა მანჯგალაძე პასუხობს: „არ ვიცი“.

„ვნახეთ ვენეციის კომისიის, ევროპის ლიდერების, ვგულისხმობ საფრანგეთს და გერმანიას, ევროკომისრების, ამერიკის პოზიცია. რა ვიცი, უნგრეთის გარდა, არცერთ ქვეყანას გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ასეთი კანონი არ მიუღია. ფრანგულ კანონთან ანალოგი არასწორია. ის დიდწილად დაზვერვის საქმიანობას ეხება“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა: „გვქონდა მსჯელობა გამჭვირვალობის კანონის გარშემო, ზოგიერთმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანია, სხვებმა სწორად მიიჩნიეს, რომ კანონი ევროკავშირის ნორმებს ეწინააღმდეგება“. მისი თქმით, „დაიწყეს კანონის ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი რეაგირების განხილვა“.