პაატა მანჯგალაძე - სუს-ს სწორად აქვს ანალიზი, რომ ომის რიტორიკას იყენებენ მოსახლეობის დაშინებისთვის, სინქრონიზებულად მოქმედებენ საოკუპაციო რეჟიმი და „ქართული ოცნების“ ლიდერები
პაატა მანჯგალაძე - სუს-ს სწორად აქვს ანალიზი, რომ ომის რიტორიკას იყენებენ მოსახლეობის დაშინებისთვის, სინქრონიზებულად მოქმედებენ საოკუპაციო რეჟიმი და „ქართული ოცნების“ ლიდერები

სწორად აქვს ანალიზი გაკეთებული სუს-ის ანალიტიკოსს, რომ ომის რიტორიკას იყენებენ მოსახლეობის დაშინებისთვის და რუსეთის ანექსიის პოლიტიკის გამართლებისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მანჯგალაძის განცხადებით, ოკუპანტები, საოკუპაციო რეჟიმი და „ქართული ოცნების“ ლიდერები სინქრონიზებულად მოქმედებენ.

„სუს-ის ანგარიშში სამართლიანად არის შეფასებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ამბები. ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველო ემზადებოდა მათ მიმართ ძალის გამოყენებისთვის, ომისთვის და მეორე ფრონტის გახსნისთვის. საინტერესო ანალიტიკაა სუს-ის ანალიტიკოსების, რომ აღნიშნული ნარატივი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გამოიყენეს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისთვის და მათში რუსეთის ანექსიის მიმართ შემრიგებლური პოლიტიკის დანერგვისთვის. ეს თუ ხდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქვეყნის შიგნით ვინ ავრცელებდა მეორე ფრონტის შესახებ ნარატივს? საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი. საოკუპაციო რეჟიმები თუ ამას იყენებენ მოსახლეობის დათრგუნვისთვის, იგივე მიზნები ხომ არ გააჩნია შემთხვევით ღარიბაშვილს და კობახიძეს? ამას ეხმიანება და არ დააყოვნა, თვითმარქვია პრეზიდენტი ასლან ბჟანია ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ამბობს, რომ ოპოზიციას საქართველოში სურდა, შექნილი ვითარებით ესარგებლა და აფხაზეთის რეგიონში საკონსტიტუციო წესრიგი დაემყარებინა. ანუ სინქრონიზებულად მოქმედებენ ოკუპანტები, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი და, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ლიდერები. სწორად აქვს ანალიზი გაკეთებული სუს-ის ანალიტიკოსს, რომ ომის რიტორიკას იყენებენ მოსახლეობის დაშინებისთვის და რუსეთის ანექსიის პოლიტიკის გამართლებისთვის. შესაბამისად, დასკვნა უნდა გავაკეთოთ, ამ ნარატივის გამავრცელებლები როგორც აფხაზეთში, ისე საქართველოში  არიან რუსეთის წარმომადგენლები, მათ შორის, გამოდის, საქართველოში „ქართული ოცნებაა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.