პაატა მანჯგალაძე - საფრანგეთში უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებენ კანონს და, ბუნებრივია, სანქციებიც არის შესაბამისი
საფრანგეთში უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებენ კანონს და, ბუნებრივია, სანქციებიც არის შესაბამისი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს საფრანგეთის სენატის მიერ „უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის“ კანონპროექტის მიღებაზე, რომელიც უცხოური ინტერესების წარმომადგენელთა რეესტრის შექმნას მოიცავს.
მანჯგალაძის თქმით, საფრანგეთის დაზვერვამ მოკვლევა ჩაატარა და აღნიშნა, რომ საფრანგეთისთვის გლობალურ გამოწვევას, საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთისა და რუსეთის ინტერვენცია.
„ბუნებრივია, ფრანგულ კანონში ამაზე იქნებოდა საუბარი. საფრანგეთმა, დაზვერვამ ჩაატარა ოთხწლიანი მოკვლევა და თქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი წარმოადგენენ სერიოზულ გამოწვევას საფრანგეთისთვის. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, კი ბატონო, მაგრამ იქ ხომ არ საუბრობენ, ეს არაფერია, უბრალოდ რეგისტრაცია გაიარეთო. რეგისტრაციაზე კი არ ამბობენ, იქ ამბობენ, რომ უსაფრთხოების ამოცანა დადგა რუსეთიდან გამომდინარე და ეს ზომებიც შესაბამისია.
დაზვერვის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ გლობალურ გამოწვევას, საფრთხეს საფრანგეთისთვის წარმოადგენს ჩინეთისა და რუსეთის ინტერვენცია, ამერიკაზე ვაჭრობის სფეროზეა მხოლოდ ლაპარაკი, რომ საფრანგეთმა საკუთარი ინტერესების დაცვა უნდა შეძლოს. იქ უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებენ კანონს და, ბუნებრივია, სანქციებიც არის შესაბამისი. შენ რომ გამჭვირვალობის კანონს იღებ და შემდეგ ამატებ მუხლს, სექსუალური ცხოვრების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოო, რა ვიცი, რუსებსაც არ უქნიათ ასეთი რამ. ასეთი სიგიჟე, რა ვიცი, რომ შეეკითხნენ, ღარიბაშვილმაც ვერ უპასუხა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
ამასთან, მანჯგალაძის განმარტებით, ფრანგულ კანონში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე არ გავრცელდება.
„კარგი იქნებოდა, ქართულშიც რომ ყოფილიყო ჩანაწერი, რუსულ კანონშიც რომ ჰქონოდათ „ქოცებს“, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე არ ვრცელდებაო, რაღაც პატარა კონსპირაცია მაინც იქნებოდა. ფრანგულ კანონში პირდაპირ წერია, რომ სტრატეგიული დოკუმენტებით ვინც არის განსაზღვრული საფრთხედ, მარტო იმ ქვეყნის წარმომადგენლებზე ვრცელდება ეს ყველაფერი. ვაჭრობის სფეროში კონკურენტები არიან საფრანგეთი და ამერიკა და ბუნებრივია. რაც შეეხება ამერიკულ კანონს, ჯერ არ გავმხდარვართ ევროკავშირის წევრი და რომ გავხდებით, შემდეგ დავიცვათ სუვერენიტეტი ევროკავშირისგან. არსად, არცერთ ქვეყანაში მარტო თანხის წარმომავლობის მიხედვით აგენტის იარლიყის მიკერება არ ხდება. ამერიკულ კანონშიც კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევს ადამიანს „ფარას“ რეესტრში რეგისტრაცია, თუ სხვისი დაფინანსების მიზნების შესაბამისად მოქმედებს. ის, რომ ადამიანს 80 პროცენტი ქართული აქვს დაფინანსება და 20 პროცენტი მიიღო გრანტი, არ ნიშნავს, რომ ამერიკის ან რომელიმე ქვეყნის აგენტია. ამაშია მავნებლობა. ამოცანა არის სტიგმატიზება და ამიტომ ეძახის ამერიკა ამ კანონს რუსულიდან შთაგონებულს. გადაჭრით ლაპარაკი, რომ ფრანგულიც იგივეა, არ არის ასე, საფრანგეთის უსაფრთხოებას მოიცავს. თუ უსაფრთხოებაა საფრთხე, თქვან, გამოვიდნენ და მოიტანონ დაზვერვა აქაც, გვითხრან, ევროპიდან და ამერიკიდან შემოსული დაფინანსება არის მტრული – ამას ხომ არ ამბობენ, მაშინ ღიად უნდა თქვან, იქ ღიად ამბობენ, რომ ის არის ჩვენი მტერი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.