პაატა მანჯგალაძე - სადაც გაიგებთ, რომ პროტესტში „სტრატეგია აღმაშენებელი“ მონაწილეობს, უნდა იცოდეთ, ყველა პროტესტი იქნება არაძალადობრივი და კონსტიტუციის ფარგლებში
კრიტიკისგან თავს შევიკავებ, ყველას, რისი გაკეთებაც შეუძლია, ის გააკეთოს, პოლიტიკა შედეგებით იზომება და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ შედეგებს აუცილებლად დავდებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, ახლა არ არის დრო ოპოზიციისკენ კენჭებისა და ტალახის სროლის.
„იმხელა მტერი არ ჰყავს საქართველოს, როგორიც „ქართული ოცნებაა“. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადართული ვართ სწორედ შემოდგომის სამოქმედო გეგმაზე. ბევრი სიურპრიზი და სასიამოვნო სიახლე იქნება, მათ შორის ოპოზიციური ბრძოლისა და ფრონტის გაძლიერების მიმართულებით. ამიტომ, მე კრიტიკისგან თავს შევიკავებ. ყველას, რისი გაკეთებაც შეუძლია, ის გააკეთოს. პოლიტიკა შედეგებით იზომება და ჩვენ ამ შედეგებს აუცილებლად დავდებთ. ვემზადებით, რომ დიდი ეროვნული სახალხო ფრონტი შედგეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, სადაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ მიიღებს მონაწილეობას, ყველა პროტესტი იქნება მშვიდობიანი.
„საბოტაჟი დაიწყოს, თვითონ რა შედეგი ექნება, საინტერესოა. ჩვენ გვექნება სამოქმედო გეგმა და მათ შორის ზურა (გირჩი) ჯაფარიძესაც მოვიწვევთ ამ გეგმის შესრულების დროს. სადაც გაიგებთ, რომ პროტესტში „სტრატეგია აღმაშენებელი“ მონაწილეობს, უნდა იცოდეთ, რომ ყველა პროტესტი იქნება არაძალადობრივი, მშვიდობიანი და კონსტიტუციის ფარგლებში.
არ ვთვლი, რომ მანდატებს დავტოვებთ და შემდეგ ყველა კამიკაძეები გავხდებით. ამ ეტაპზე, როცა მომზადებული არ არის შესაბამისი ნიადაგი, მარტო მანდატის სადღაც გაქნევას არანაირი აზრი არ აქვს. სისტემურად და კომპლექსურად უნდა ვიმოქმედოთ, მანდატზე გამოკიდებული არავინ არის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
„გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სექტემბრიდან პროტესტი გაძლიერდება.
„მე გთავაზობთ ბრძოლას ამათთვის ძალაუფლების წართმევისთვის. გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი. ამათ ხელი უნდა შევუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში. დაუმორჩილებლობა პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.