ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიცია მოგებისთვის არ თამაშობს, უმეტესობა თამაშობს გადარჩენისთვის, ოპოზიციად წოდებული პარტიები სისტემის ნაწილად არიან ქცეულნი
ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიცია მოგებისთვის არ თამაშობს, უმეტესობა თამაშობს გადარჩენისთვის, ოპოზიციად წოდებული პარტიები სისტემის ნაწილად არიან ქცეულნი

ოპოზიციად წოდებული პარტიების წევრთა ნაწილი და რიგ შემთხვევაში მთლიანად პარტიები, სისტემის ნაწილად არიან ქცეული, პოლიტიკურ ველზე მყოფი მოთამეშეების მნიშვნელოვანი ნაწილი დაინტერესებულია არსებული სტატუსკვოს შენარჩუნებით, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, „ოპოზიცია მოგებისთვის არ თამაშობს, უმეტესობა თამაშობს გადარჩენისთვის“.

„ოპოზიციად წოდებული პარტიების წევრთა ნაწილი და რიგ შემთხვევაში მთლიანად პარტიები, სისტემის ნაწილად არიან ქცეული. ისევე არიან დაინტერესებული, არ დაკარგონ საპარლამენტო სკამი, კაბინეტი, მივლინებები, ბიუჯეტის ფული, საარჩევნო კომისიებში ადგილები, უფასო სატელევიზო, სარეკლამო დრო, მედია ყურადღება, საზოგადოების სტატუსი თუ სხვა რაღაცები, როგორც „ოცნების“ მხარდამჭერი სსიპ-ის უსაქმური მხარდამჭერია დაინტერესებული, რომ არ დარჩეს უმუშევარი და შემოსავლის გარეშე. პოლიტიკურ ველზე მყოფი მოთამეშეების მნიშვნელოვანი ნაწილი დაინტერესებულია არსებული სტატუსკვოს შენარჩუნებით, რადგან არ აქვს გარანტია, რომ ცვლილებების შემთხვევაში, არსებულ სტატუსს და ბენეფიტებს ისევ შეინარჩუნებს. ჯამში, ოპოზიცია მოგებისთვის არ თამაშობს, უმეტესობა თამაშობს გადარჩენისთვის და ეს იცის ივანიშვილმაც. მე გთავაზობთ ბრძოლას ამათთვის ძალაუფლების წართმევისთვის. გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი. ამათ ხელი უნდა შევუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში. დაუმორჩილებლობა პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი