პაატა მანჯგალაძე - რატომღაც რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორებმა არ იცოდნენ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი საქართველოში არ იყო, საჭირო იყო მეტი კოორდინაცია
რიგგარეშე სხდომის მოწვევის თარიღი ყველამ ვიცოდით, თუმცა მეტი კოორდინაცია იყო საჭირო. რატომღაც ორგანიზატორებმა არ იცოდნენ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი საქართველოში არ იყო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სხვა დროს ყურადღებით უნდა იყვნენ.
„მეტი კოორდინაცია იყო საჭირო. რიგგარეშე სხდომის მოწვევის თარიღი ყველამ ვიცოდით, თუმცა იმდენად ზღვარზე იყო დეპუტატების რაოდენობა, ვამბობდით, რომ ეს ყველაფერი დეტალურად უნდა გაგვევლო. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა – რატომღაც, ორგანიზატორებმა არ იცოდნენ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი საქართველოში არ იყო. ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს არ ვაკრიტიკებ, რადგან ეს არ არის სწორი და ნიშნის მოგებით არ ვისაუბრებ, თუმცა საჭირო იყო რაოდენობის დათვლა, რადგან ზღვარზე ვიყავით კენჭისყრის დროს. სხვა დროს უნდა ვიყოთ ყურადღებით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ოპოზიციამ პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით 10 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მიმართა.
მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო პოლონეთიდან, რომელზეც მასთან ერთად არიან ანა წითლიძე, გიული ალასანია, გიორგი ჩალაძე და ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან ანა ფოტიგა.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა კვლავ ბრიფინგი გამართეს და პრეზიდენტს მიმართეს, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დანიშნოს.