პაატა მანჯგალაძე - პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება მიზანმიმართულად ხდება
პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება მიზანმიმართულად ხდება. ხელისუფლებისთვის უკვე ის ცერემონიალური უფლებებიც კი არ არის მისაღები, რაც პრეზიდენტს დაუტოვეს და ცდილობენ, პრეზიდენტი სამაგალითოდ დასაჯონ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ დეკლარირებული კურსი მნიშვნელოვნად აცდა ერთმანეთს.
„სალომე ზურაბიშვილით აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ შინაპატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი სჭირდება და ამ გზით მის დაშინებას ცდილობენ. პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ დეკლარირებული კურსი მნიშვნელოვნად აცდა ერთმანეთს, ევროინტეგრაციის საკითხებს ვგულისხმობ. „ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ძალაუფლება სასამართლოში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ამ დროს პრეზიდენტი არის არბიტრი შტოებს შორის ბალანსის და ამიტომ ცდილობენ, პრეზიდენტის ინსტიტუტიც დაკნინონ და მიიტაცონ მისი ძალაუფლება.
რაც შეეხება ელჩების დანიშვნის საკითხს, პრეზიდენტს შეუძლია, გამოხატოს თავისი პოზიცია, ხოლო ვიზიტებზე მთავრობის თანხმობა სჭირდება. როგორც მან თქვა, ის იყო წასული კერძო ვიზიტებით, პირადი კონტაქტებით და არ სჭირდებოდა მთავრობის თანხმობა. ნაცვლად იმისა, „ქართული ოცნება“ ასხივებდეს ერთიანობას, ის დაკავებულია კუდიანებზე ნადირობით და ერთ-ერთ კუდიანი მათთვის სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.
ცვლილებების ინიციატორები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი რატი იონათამიშვილია არიან.