საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.
ცვლილებების ინიციატორები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი რატი იონათამიშვილია არიან. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის შესაბამისობაში მოყვანა ხდება საქართველოს კონსტიტუციასთან.
მათი განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია ამომწურავად ადგენს იმ უფლებამოსილებებს, რომლებიც დღესდღეობით საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს მინიჭებული და ერთი-ერთი ასეთი უფლებამოსილება არის პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის განხილვა.
„გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ ორგანოთა უფლებამოსილებების შესახებ დავების განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს შესაბამისი ორგანოს კონსტიტუციური უფლებამოსილების არა მხოლოდ სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მის არსს, მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკასაც. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული უფლებამოსილება და მისი განხორციელების პირობები ჯეროვნად არ არის ასახული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში, რაც ნათლად მიუთითებს ამ კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე. უფრო მეტიც, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმები კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ნორმას აქცევს ფიქციად და გამორიცხავს მისი სრულფასოვნად შესრულების შესაძლებლობას”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
რაც შეეხება ცვლილებებს, კანონპროექტში ნათქვამია, რომ სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მიღებულია/გამოცემულია სამართლებრივი აქტი ან განხორციელდა მოქმედება ან უმოქმედობა, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება და ამ შემთხვევაში მოპასუხეა სადავო სამართლებრივი აქტის მიმღები/გამომცემი, სადავო მოქმედების ან უმოქმედობის განმახორციელებელი.
„შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის მიღებისთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის ასლს უგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს. თუ ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში რომელიმე მათგანი განაცხადებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფას, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს განმცხადებელი მოპასუხედ ჩააბას საქმეში.
საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის საქმეზე სადავო სამართლებრივი აქტის/მისი ნაწილის შეფასებისას ამოწმებს ამ სამართლებრივი აქტის/მისი ნაწილის შინაარსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას, ხოლო სადავო მოქმედების/უმოქმედობის შეფასებისას ამოწმებს ამ მოქმედების/უმოქმედობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას. შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის საქმეზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს იმ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ან იმ მოქმედების ან უმოქმედობის არაკონსტიტუციურად აღიარებას, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილება”, – განმარტავენ კანონპროექტის ინიციატორები.
კანონპროექტის ინიცირება 21 მარტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.