პაატა მანჯგალაძე - მივმართავ ჩემს ქრისტიან ხალხს, არ წამოეგოთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ტრიუკს, რომ ოჯახური ღირებულებები აინტერესებთ, ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ უნდა გაძლიერდეს ოჯახი
პაატა მანჯგალაძე - მივმართავ ჩემს ქრისტიან ხალხს, არ წამოეგოთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ტრიუკს, რომ ოჯახური ღირებულებები აინტერესებთ, ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ უნდა გაძლიერდეს ოჯახი

პოლიტიკურად გაკოტრებული „ქართული ოცნება“ ახლა ებღაუჭება ყველაფერს და ცდილობს, გააჩინოს განცდა, ვითომ რაღაცას იცავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მანჯგალაძის თქმით, მთავარი პროპაგანდისტი არის „ქართული ოცნება“, რადგან ამ საკითხებზე სხვა არავინ საუბრობს.

„ახალს არ ვამბობ, ყველა ამას ამბობს ამ პროპაგანდასთან დაკავშირებით. რომ დაგუგლოთ, „ოცნებას“ ნახავთ, საქართველოში ამაზე მეტი არავინარ საუბრობს. რაც შეეხება ძლიერ ოჯახებსა და ოჯახების გაძლიერებას, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს გეგმა, როგორ უნდა გაძლიერდეს ოჯახი. ოჯახები გაძლიერდება, როცა იქნება ძლიერი ეკონომიკა და სამუშაო ადგილები შეიქმნება ქვეყანაში, ჩამოვა ხალხი, ემიგრანტები საქართველოში, დედებს, არც მამებს არ მოუწევთ შვილების გარეშე ცხოვრება და გაერთიანდება ოჯახები. ესაა ნამდვილი ოჯახური ღირებულებების დაცვა. სადაა ეს პრობლემა? სად არის ერთნაირსქესიანთა ქორწინება საქართველოში? მათ ეს სჭირდებათ საარჩევნო პიარისთვის, არარსებული პრობლემის მოგვარება უფრო ადვილია. სამუშაო ადგილები შექმნეს? არ შექმნეს, დასავლური ინვესტიციები შეიძლება საერთოდ გავიდეს ამ ქვეყნიდან. ოჯახზე საუბარი ამ ხალხისგან, ამ ფარისევლებისგან, ივანიშვილისგან მხოლოდ წინასაარჩევნო ტრიუკია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის განმარტებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ ჩართვებიან.

„ბოიკოტი მაგას ნიშნავს, რომ არ ჩავერთვებით განხილვებში. მივმართავ ჩემს ქრისტიან ხალხს, არ წამოეგოთ „ქართული ოცნების“ იაფფასიან საარჩევნო ტრიუკს, რომ რაღაც ოჯახური ღირებულებები აინტერესებთ, ან უფრო მეტი, ოჯახური სიძლიერე. ვის ატყუებთ, თქვე ფარისევლებო?!“ – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კანონების პაკეტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდება.