პაატა მანჯგალაძე - მინდოდა, პრიგოჟინს დაენგრია მოსკოვი, კრემლი და ისე წასულიყო კობზონის კონცერტზე, მაგრამ არ გამოუვიდა
მინდოდა, პრიგოჟინს დაენგრია მოსკოვი, დაენგრია კრემლი და ისე წასულიყო კობზონის კონცერტზე, მაგრამ არ გამოუვიდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პუტინმა, თავისი პირადი შეუთავსებლობის გამო, „რუსეთის ფედერაციის ე.წ. ომის გმირების სპეცოპერაცია-ლიკვიდაცია მოახდინა“.
„პრიგოჟინისნაირი კაციჭამია რუსეთში ბევრია, კარგი იქნება, თუ ერთმანეთს დაერევიან. რაც შეეხება ვერსიებს, ვინც პრიგოჟინთან ერთად იმყოფებოდა, იქიდან უმეტესობა რუსეთის ომის გმირი იყო, სახელმწიფო გმირები, რომლებიც ბახმუტის აღების გამო რამდენიმე თვის წინ პუტინმა დააჯილდოვა. ნახეთ, როგორ ექცევა კაციჭამია პუტინი ე.წ. გმირებს და როგორ ექცევიან გმირებს უკრაინაში და მიხვდებით, სად არის სიმართლე, სამართლიანობა. პუტინმა, თავისი პირადი შეუთავსებლობის გამო, ყველანაირი გადაწყვეტილებისა და სასამართლოს გარეშე, რუსეთის ფედერაციის ე.წ. ომის გმირების სპეცოპერაცია-ლიკვიდაცია მოახდინა. ეს მეტყველებს, რა სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე. ეს არის ურდო. რაც შეეხება უკრაინას, იცით, როგორ ექცევიან გმირებს. ვისაც გიყვარდათ და აღფრთოვანებული იყავით პრიგოჟინით, ახლა შეადარეთ აზოვი და „ვაგნერი“ ერთმანეთს. ახლა მოიკითხეთ, პრიგოჟინი სად არის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ათივე მგზავრი დაიღუპა. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა. რუსული მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის ადგილზე ათივე ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.