პაატა მანჯგალაძე - „ლელოს“ ინიციატივას მხარს დავუჭერ, მაგრამ დიდი მოლოდინი არ მაქვს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არა იმპიჩმენტის, არამედ ხელმოწერების შეგროვების საკითხი
პაატა მანჯგალაძე - „ლელოს“ ინიციატივას მხარს დავუჭერ, მაგრამ დიდი მოლოდინი არ მაქვს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არა იმპიჩმენტის, არამედ ხელმოწერების შეგროვების საკითხი

იმპიჩმენტთან დაკავშირებით მხარს დავუჭერ „ლელოს“ ინიციატივას, მაგრამ დიდი მოლოდინი არ მაქვს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არა იმპიჩმენტის, არამედ ხელმოწერების შეგროვების საკითხი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, პარტია პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტს ითხოვს.

„ჩვენ იმპიჩმენტის წინააღმდეგ არ წავალთ, მაგრამ მგონია, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არა იმპიჩმენტის, არამედ ხელმოწერების შეგროვების საკითხი. ორივე შემთხვევაში – პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში, იმპიჩმენტი ინიციატორების მხრიდან არის სიამოვნება შედეგის გარეშე. რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ „ლელოს“ ინიციატივას, მაგრამ დიდი მოლოდინები არ მაქვს. ჩვენ ნორმალური მთავრობა რომ გვყავდეს, ძალიან მარტივი იქნებოდა, სიმძიმის ცენტრი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა. როცა პრემიერ-მინისტრი დანაშაულს სჩადის, მისი სისხლის სამართლებრივი დევნა, გადაყენება სერიოზული პროცესია და პოლიტიკურ რყევებს იწვევს. ივანიშვილის ერთი ჭანჭიკი ჩანაცვლდება მეორე ჭანჭიკით და ამას მივდიოთ? ივანიშვილს ჭანჭიკები არ გამოელევა და არ მესმის, დროს რაზე ვხარჯავთ. არ ვიცი, რა შედეგზე გვინდა გასვლა. ვთქვათ, ირაკლი ღარიბაშვილი გადავაყენეთ და მოვიდა ირაკლი კობახიძე, რა შეიცვალა, არ ვიცი, მართლა ვერ ვხვდები. გენერალური პროკურორი, რომელიც თავად კორუმპირებულია, რადგან თვითონ იშენებს ერთ მილიონზე მეტი ღირებულის სახლს, ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციის ფაქტს რას გამოიძიებს ან რაჟდენ კუპრაშვილი რომ არის, ღარიბაშვილმა რომ აკურთხა, იმ კაცმა რა უნდა გამოიძიოს, რომ ვუყურებ მეცოდება. გამოიძიებს და მეორე დღესვე მოხსნის. არ ურჩევნია, იქნება თბილად და ხელფასს მაინც აიღებს, ზემოდან პრემიასაც“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.