პაატა მანჯგალაძე - ლავროვის ქება-დიდება იგივეა, მურვან ყრუმ, აღა მაჰმად ხანმა და შაჰ აბასმა გაქონ, ლავროვის ქება და მეგობარი სახელმწიფოების შენიშვნები ნიშნავს, რომ მტრის სამსახურში ხარ
ლავროვის ქება და მეგობარი სახელმწიფოების შენიშვნები ნიშნავს, რომ არასწორი გზით მიდიხარ და მტრის სამსახურში ხარ. ეს განცხადება არის პირდაპირი დადასტურება იმ ღალატის ქრონიკის, რომელზეც დიდი ხანია, ვსაუბრობთ, – ამის შესახებ ს„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
პაატა მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ განცხადებაზე, სადაც სერგეი ლავროვი აღნიშნავს: „საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს“.
მანჯგალაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული კურსისა და ნატო-ში ინტეგრაციის ნაცვლად, რუსეთთან ენის მოჩლექვის პოლიტიკა აირჩია.
„ლავროვის ქება-დიდება იგივეა, რომ მურვან ყრუმ, აღა მაჰმად ხანმა და შაჰ აბასმა გაქონ. ლავროვის ქება და მეგობარი სახელმწიფოების შენიშვნები ნიშნავს, რომ ე.ი. არასწორი გზით მიდიხარ და მტრის სამსახურში ხარ. ეს განცხადება არის პირდაპირი დადასტურება იმ ღალატის ქრონიკის, რომელზეც, სამწუხაროდ, დიდი ხანია, ვსაუბრობთ – „ქართულმა ოცნებამ“, ნათლად აღიარებული ევროპული კურსისა და ნატო-ში ინტეგრაციის ნაცვლად, აირჩია რუსეთთან მუხლებზე დგომის, ენის მოჩლექვისა და ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა, რაც ქვეყანას ძალიან დააზიანებს. გუშინ ირაკლი კობახიძეს არსად უხსენებია ევროპაში ინტეგრაციის პროცესი, ის, რომ ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და კონსტიტუციური ვალდებულება. მოლოდინი, რასაც „ქართული ოცნებას“ აჩენს, არის ქიმერა – გიჟებს რომ დაჰპირდებიან, წყალს ჩაგისხამთ აუზშიო, დაახლოებით ასეთი დაპირება გაკეთდა ლავროვის მიმართ. თურმე საქართველომ ამ ქიმერას უნდა სდიოს, რომ შეიძლება, კობახიძის კარგი გამონათქვამის გამო, ოკუპირებული ტერიტორიები დაგვიბრუნონ. ამ ყველაფერს ასე პრიმიტიულად უყურებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამის უკან დიდი ღალატი დგას. ლავროვმა „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ უთხრა – ყოჩაღ, ბიჭებო, კარგად იმუშავეს ჩვენმა ემისრებმა, ეს იქნება დანახული და წყალს ჩაგისხამთ აუზშიო. ესენი სწორედ იმის გამო შეაქეს, რომ არ მონაწილეობენ სანქციებში, რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების მექანიზმები შექმნეს.
თუ ნახავთ, სომხეთთან სავაჭრო ურთიერთობები 200 პროცენტით არის გაზრდილი, რომელიც პირდაპირ რუსეთთანაა მიბმული. შესაძლებელია, სომხეთიც იყოს მარშრუტი, საიდანაც რუსეთს მიეწოდება ორმაგი დანიშნულების ტვირთები. ნაცვლად იმისა, რომ საქართველო იყოს დასავლეთთან და უკრაინასთან მშვიდობისთვის, სამწუხაროდ, არის რუსეთის მხარეს.
ირაკლი კობახიძემ ლავროვს განცხადება მოუწონა, კარგია, თუ საქართველოში ფრენები აღდგება, ამით ბევრი ქართველი ისარგებლებსო. განცხადება ლავროვმაც მოუწონა, თვალი ჩაუკრა, კობახიძემაც მოუწონა განცხადება და თვალი ჩაუკრა, მეტი რა უნდა მოხდეს? კობახიძე „ფეესბეს“ დაიწერს და გამოვარდება „ფეესბეს“ მაისურით? ამათ ჰგონიათ, რუსეთს რომ დაუჩოქებ, ფეხზე წამოგაყენებს და შეეცოდები, ცრემლებს მოგწმენდს და ტერიტორიულ მთლიანობას დაგიბრუნებს. ავითარებენ პრიმიტიულ ნარატივს, თითქოს რუსეთი ბოროტი არ არის, თითქოს დასავლეთმა მოახდინა პროვოცირება, დასავლეთმა ჩაგვითრია ომში, თითქოს დასავლეთს უნდა ომი, 200 წლის ისტორია არ ვიცით? ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა სამი საუნჯე – ენა, მამული, სარწმუნოება და სამივეს გვინადგურებდა რუსეთი. ირაკლი კობახიძე გუშინ ისე ლაპარაკობდა, ვითომ არაფერი წაუკითხავს და არაფერი ახსოვს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.