პაატა მანჯგალაძე - ხათუნა სამნიძის განცხადება არანაირ უხერხულობას არ მიქმნის, ბნელ ოთახში შავი კატა სხვაგან ეძებეთ, ეგ კატა ჩემთან არ არის
ბოლშევიკურია პროპაგანდა, თითქოს ჩვენმა პარტნიორებმა თავად არ იციან, არამედ ვიღაც ჩადის და ის უყვება, რომ რეკომენდაცია შესრულებული არ არის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ იცის, ვის გულისხმობს ხათუნა სამნიძე, როდესაც ამბობს, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში.
„ხელისუფლებას საქმე მიეცა. ქალბატონი ხათუნა ვის გულისხმობს, არ ვიცი. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ იმას, რასაც ვფიქრობთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსი. რატომ? იმიტომ, რომ ავტოკრატია ქვეყანაში საბოლოოდ არ გაფორმდეს. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, საქართველო მარადიულია და საქართველოს სჭირდება ევროპა და საქართველოსთვის გვჭირდება ევროპა, ჩვენი გზავნილი ეს არის. უნდა გამოვიყენოთ ყველამ მაქსიმალურად ზემოქმედების მექანიზმები, რომ 12-დან ცხრა შეუსრულებელი რეკომენდაცია, რომელსაც ასე გვითვლის ბორელი, შესრულდეს. ბოლშევიკურია პროპაგანდა, თითქოს ჩვენმა პარტნიორებმა არ იციან და ვიღაც ჩადის და ის უყვება, რომ რეკომენდაცია შესრულებული არ არის. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებასთან და პარლამენტთან ყოველდღიურ, მუდმივ კონტაქტზეა და ძალიან კარგად იციან, რა ხდება, რა რეფორმებია და ამას არ სჭირდება ბნელ დერეფნებში ვიღაცისთვის რაღაცის მოყოლა. ეს სისულელე და ბოლშევიკური პროპაგანდაა. ხათუნა იტყვის, თუ კონკრეტულად სახელები და გვარები იცის. ჩვენ გვაქვს დილემა, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, შემდეგ როგორ უნდა განვითარდეს პროცესები და ოპოზიციამ ხალხის დაკვეთა როგორ უნდა შევასრულოთ. კანდიდატის სტატუსი ხალხის დაკვეთაა. კანდიდატის სტატუსს თუ არ გვაძლევენ ამ ვაიხელისუფლების დამსახურებით, რა პროცესები უნდა იყოს, როგორ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და რა ზემოქმედების მექანიზმებია. სერიოზული გამოწვევების წინაშე ვართ კანდიდატის სტატუსის არმიღების შემთხვევაში. ხალხი, პირველ რიგში, ჩვენ მოგვადგება და პასუხს ჩვენ მოგვთხოვს. ოპოზიციის შიდა სამზარეულოს გიყვებით. ცხრა რეკომენდაცია ვინც არ შეასრულა, იმას უნდა კანდიდატის სტატუსი და ოპოზიცია, რომელიც იძახის, მოდი, შევასრულოთ რეკომენდაცია, იმას არ უნდა კანდიდატის სტატუსი? ჩვენ „ალდეს“ სამი რეზოლუცია მივაღებინეთ. სამივეში პირდაპირ წერია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. ბოლო რეზოლუციაშიც ჩაიწერა, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა რეკომენდაციების შესრულება. არ არის საჭიროო, ბორელმა არ თქვა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, მას არ აქვს ხათუნა სამნიძის განცხადების დამადასტურებელი ინფორმაცია.
„ხათუნა სამნიძის განცხადება არანაირ უხერხულობას არ მიქმნის. ხათუნა სამნიძეს თუ აქვს ინფორმაცია, მოყვება, ვინ ეუბნება და რას ეუბნება. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი რამე ხდება. კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს გააძლიერებს. კანდიდატის სტატუსი პარტიებზე არ დადის. კანდიდატის სტატუსი არის უფრო მეტი, ვიდრე რომელიმე პარტია და ხელისუფლება. კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი ნამდვილად არ აქვს და სტატუსი ევროპელებმა თავისთვის არ უნდა დაიტოვონ. ბნელ ოთახში შავი კატა სხვაგან ეძებეთ, ეგ კატა ჩემთან არ არის. რეკომენდაციის შეუსრულებლობა უფრო დიდი პრობლებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე, თუ ვიღაც რომ ჩაკინკილდა იქ და სისულელე ილაპარაკა, რომელი უფრო დიდი პრობლემაა? პირველი პრობლემააა, რომ ხელისუფლებამ ჩააგდო რეკომენდაცია და 12-დან ცხრა შეუსრულებელია. მეორე ხარისხის პრობლემაა, რომ ოპოზიციაში არსებობს ვიღაც, ვინც ამბობს, რომ ახლა „ქოცების“ ხელში სტატუსი არ მოგვცეთო“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა: „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში, ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ“.