პაატა მანჯგალაძე - ვნატრობ კავკასიაში რუსეთის გავლენის შემცირებას, ეტყობა, სააკაშვილი ამ შესაძლებლობას ხედავს, სამწუხაროდ, ჩვენ ამ წუთას ვერ ვხედავთ
პაატა მანჯგალაძე - ვნატრობ კავკასიაში რუსეთის გავლენის შემცირებას, ეტყობა, სააკაშვილი ამ შესაძლებლობას ხედავს, სამწუხაროდ, ჩვენ ამ წუთას ვერ ვხედავთ

სააკაშვილი განცხადების პათოსი მე როგორც მესმის, არის ის, რომ რუსეთი ისე დასუსტდეს, რომ კავკასიაში და კავკასიაზე გავლენა არ ჰქონდეს. მაგალითად, საქართველოზე გავლენა რომ არ ჰქონდეს რუსეთს, მაგაზე ვოცნებობ, ნატვრას ვიტყვი, რადგან სიტყვა „ოცნება“ „ქართულმა ოცნებამ“ გააფუჭა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ისურვებდა კავკასიაში რუსეთის გავლენის შემცირებას.

„ვნატრობ, ის დღე დადგეს, როცა რუსეთს კავკასიაში, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში არ ექნება გავლენა და საქართველოდან საოკუპაციო ჯარები გავა. სააკაშვილიც ამას გულისხმობს. ჩამოთვლილი ადამიანები – შამილი და დუდაევი – არიან ადამიანები, ვინც კავკასიის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და გასაგებია პათოსი, რა თქმა უნდა, რუსეთის გავლენის შემცირება კავკასიაში ნამდვილად მინდა. კომპრომისის ხელოვნებასთან ერთად, პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნება. კარგი პოლიტიკოსობა ნიშნავს იმას, რომ დაინახო ის, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ხედავენ. ეტყობა, სააკაშვილი ამ შესაძლებლობას ხედავს, სამწუხაროდ, ჩვენ ამ წუთას ამას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება, გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის მილიონობით გმირის სულისკვეთება“.