პაატა მანჯგალაძე - გიორგი ვაშაძის დედამ ბინაში შეუშვა ხარკოვიდან დევნილი უკრაინელი ანაზღაურების გარეშე, ვერავინ იტყვის, რომ ვაშაძის ოჯახი დაკავებულია ბინების გაქირავებით
გიორგი ვაშაძის მიმართ მიმდინარეობს ცრუ პროპაგანდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მაჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს დიღმის მასივში მდებარე ბინა გაქირავებული აქვს რუსეთის მოქალაქეზე.
მანჯგალაძის თქმით, აღნიშნული ბინა გაქირავებული არ არის, არამედ ვაშაძის დედამ ბინაში შეუშვა ხარკოვიდან დევნილი უკრაინელი, ყველანაირი ანაზღაურების გარეშე.
„რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა იყოს სპეციალური რეჟიმი და გამონაკლისები მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს. გიორგი ვაშაძის მიმართ მიმდინარეობს ცრუ პროპაგანდა – ის ბინა გაქირავებული არ არის, ვაშაძის დედამ ბინაში შეუშვა ხარკოვიდან დევნილი უკრაინელი, ყველანაირი ანაზღაურების გარეშე. გიორგის სხვა სახლში ცხოვრობდა კიდევ ერთი უკრაინელი დევნილი და ზაფხულში ჩამოყვანილი გვყავდა 15 უკრაინელი ბავშვი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, პირი, რომელიც ვაშაძის ბინაში იმყოფება, არის 1991 წელს დაბადებული უკრაინელი და იმ დროს ყველა ითვლებოდა საბჭოთა კავშირის მოქალაქედ. მანჯგალაძის განცხადებით, როგორც ჩანს, მას ავტომატურად რუსეთის მოქალაქეობა დარჩა.
„რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეობას, საქართველოს უამრავი პატრიოტი ცხოვრობს რუსეთში და, სამწუხაროდ, მათ რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. ამ ადამიანის მოქალაქეობაზე კვლევა არ ჩაგვიტარებია. როგორც ოჯახი ამბობს, იცოდნენ, რომ ეს ადამიანი იყო ხარკოვიდან დევნილი, რომელსაც ქვეყნის დატოვება მოუწია და ვაშაძეებმა უკრაინიდან დევნილი შეიფარეს. ვერავინ იტყვის, რომ ვაშაძის ოჯახი დაკავებულია ბინების გაქირავებით. ეს არის ბინძური ცილისწამება და ამის გაგრძელებას არავის ვურჩევთ. ჰუმანიტარული აქციების აფიშირებას არასოდეს ვაკეთებდით და კარგია, რომ გამოჩნდება, ვაშაძე რას აკეთებდა ჰუმანიტარული მიზნებით. ეს ადამიანი არის 1991 წელს დაბადებული და იმ დროს ყველა ითვლებოდა საბჭოთა კავშირის მოქალაქედ. როგორც ჩანს, ავტომატურად რუსეთის მოქალაქეობა დარჩა. ეს ადამიანი არის უკრაინელი, დაბადებულია ხარკოვში. მივიდეთ, ამ ადამიანს დაველაპარაკოთ და ნახავთ, რომ ეს არის პროპაგანდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.