პაატა მანჯგალაძე - ეუთო/ოდირის დასკვნაზე არც ვიყავით დამოკიდებული, ჩვენ თვითონ ჩავატარეთ ამ არჩევნების ანალიზი, რამაც ცხადყო, რომ პროპორციულ ნაწილში 1 000-მდე ოქმში დისბალანსია
ეუთო/ოდირის დასკვნაზე არც ვიყავით დამოკიდებული, ჩვენ თვითონ ჩავატარეთ ამ არჩევნების ანალიზი, რამაც ცხადყო, რომ პროპორციულ ნაწილში დაახლოებით 1 000-მდე ოქმში დისბალანსია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, მნიშვნელოვანია,„ რომ ეუთო/ოდირი საუბრობს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ამაღლებაზე, თავისუფალი და კონკურენტული გარემოს შექმნასა და მეტ გამჭვირვალობაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში რეკომენდაციების სახით საუბარია ნდობის ამაღლებაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, თავისუფალი გარემოს შექმნაზე, კონკურენტუნარიანი პირობების შექმნაზე, გამჭვირვალობის ელემენტების დამკვიდრებაზე, ანუ ეს სამი ფუნდამენტური უფლება თუ არ არის გარანტირებული, ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნებს. ამიტომ საარჩევნო ცვლილებების პროექტი, რომელიც ოთხ რაუნდზე იყო შეთანხმებული, აუცილებლად უნდა იქნას მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც პლებისციტს და არც არჩევნებს აზრი არ ექნება. მართალი რომ გითხრათ, ჩვენ ეუთო/ოდირის დასკვნაზე არც ვიყავით დამოკიდებული, რადგან საქართველოში ჩვენ თვითონ ჩავატარეთ ამ არჩევნების გარკვეული ანგარიში, ანალიზი, რამაც ცხადყო, რომ პროპორციულ ნაწილში 3 800 უბნიდან დაახლოებით 1 000-მდე ოქმია, სადაც ბალანსი არ ჯდება. ეს მიუთითებს მანიპულაციის მაღალ ხარისხზე, რომელმაც არსებითად შეცვალა გამარჯვებულის რაობა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში 5 მარტს გამოაქვეყნა.