პატაა მანჯგალაძე - თბილისში მყოფმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ რუსეთთან მიმოსვლის ყველა დამატებითი წერტილი არის დამატებითი საფრთხის შემცველი, ჩვენ ამ საფრთხეებზე ვსაუბრობდით და უხერხულება არ მაქვს
პატაა მანჯგალაძე - თბილისში მყოფმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ რუსეთთან მიმოსვლის ყველა დამატებითი წერტილი არის დამატებითი საფრთხის შემცველი, ჩვენ ამ საფრთხეებზე ვსაუბრობდით და უხერხულება არ მაქვს

სწორედ იმ რისკებიდან გამომდინარე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ჩვენი პარტნიორები იყვნენ ჩამოსული, ადგილზე შეისწავლეს ვითარება, მართალია, დღეს არ საუბრობენ ამაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ელექტრონულ მოწყობილობასთან და ორმაგი დანიშნულების ტვირთებთან დაკავშირებით რისკები კვლავ არსებობს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „თბილისში ვიზიტით მყოფმა მაღალჩინოსნებმა კიდევ ერთხელ თქვეს, რომ რუსეთთან გახსნილი მიმოსვლის ყველა დამატებითი წერტილი არის დამატებითი საფრთხის შემცველი“.

„ჩვენ ამ საფრთხეებზე ვსაუბრობდით და უხერხულება არ მაქვს. უხერხულობა უნდა ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“. დღეს ამბობენ, რომ არ ვართ სანქციებზე მიერთებული და მეორე დღეს გამოვლენ და იტყვიან, რომ არანაირ ტვირთს რუსეთის მიმართულებით არ ვატარებთო. თუ სანქციებზე არ ხარ მიერთებული, როგორ არ ატარებ ტვირთებს? ძალიან მარტივი საკითხია „ქართული ოცნების“ ორსახოვნება, დღეს ასე ამბობს და ხვალ ისე, რომ ხალხი დააბნიოს და ვერ გაიგოს, სინამდვილეში რა ხდება. საქართველოს სანქციებს ჩვენ არ ვითხოვთ და არც გვინდა, რომ საქართველო იყოს გამოყენებული ამისთვის. ჩვენ ვითხოვთ, რომ თუ არსებობს ასეთი რისკები და მართლა ხდება ამ ტვირთების გატანა საქართველოდან, დასანქცირდნენ ის ჩინოსნები, ვინც ამაში რუსეთს ეხმარება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“.

ამასთან, აშშ-ის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო’ბრაიენმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა საქართველოში, განაცხადა: „საქართველოში შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა“.