პაატა მანჯგალაძე - ჩინეთისა და რუსეთის ერთ სიბრტყეში განხილვა სწორი არ იქნებოდა, შეიძლება, ისინი სტრატეგიული პარტნიორები არიან, მაგრამ ჩინეთი არ არის ოკუპანტი, საქართველოს მტერი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ჩინეთისა და რუსეთის ერთ სიბრტყეში განხილვა სწორი არ იქნებოდა.
მანჯგალაძის თქმით, შეიძლება, ჩინეთი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, მაგრამ ჩინეთი არ არის ოკუპანტი, არ არის საქართველოს მტერი, უფრო მეტიც, ის სავაჭრო პარტნიორია.
„სტრატეგიული პარტნიორი ვერ იქნება, ჩინეთს ღიად აქვს აღიარებული, რომ მისი ინტერესი არის დასავლური გავლენის, ჰეგემონიის შემცირება. ჩვენ უნდა ავარჩიოთ ახლა, ვართ დასავლეთის, პარტნიორების მხარეს, საქართველოს მხარეს თუ ჩინეთ-რუსეთის ალიანსის მხარეს. ეს ნამდვილად პრობლემა არის, მაგრამ ის, რომ ვინმემ განიხილოს პუტინი და სი ძინ პინი ერთ სიბრტყეში საქართველოსთვის, ასე ნამდვილად არ არის“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს პაატა მანჯგალაძემ.
სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან, პასუხად განაცხადა: „ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა“.
ამასთან, დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ჩინეთის ელჩთან შეხვედრის შესახებ. ადმინისტრაციის ცნობით, ჩინეთის ელჩს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განუცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუში არ ყოფილა მინიშნება ჩინეთთან ურთიერთობებზე ან ჩინეთის პრეზიდენტზე.