პაატა მანჯგალაძე - რუსთავში ბადრი ჯაფარიძეს წარმატების შანსი ექნება, თუ პარტიული გავლენებიდან გამოვა
პაატა მანჯგალაძე - რუსთავში ბადრი ჯაფარიძეს წარმატების შანსი ექნება, თუ პარტიული გავლენებიდან გამოვა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძეს შანსი ექნება, რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში წარმატებას მიაღწიოს, თუ პარტიული გავლენებისგან გამოვა.

როგორც საქართველოს პირველ არხს მანჯგალაძემ განუცხადა, შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებელს“ განსხვავებული გეგმა ჰქონდა და საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებდა, მაგრამ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ მხარს დაუჭერენ ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას.

„ბადრი ჯაფარიძეს შანსი ექნება, რუსთავში წარმატებას მიაღწიოს, თუ პარტიული გავლენებისგან გამოვა და რუსთაველი ამომრჩევლის წინაშე წარდგება, როგორც ხალხისა და სიმართლისთვის მებრძოლი კანდიდატი. ეს ორი პირობა უნდა დააკმაყოფილოს და წარმატების შანსი ექნება. მხოლოდ „ლელოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულობაში არ უნდა ჩაიკეტოს. სახალხო კანდიდატი უნდა იყოს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება კენჭისყრის შედეგად რამდენიმე დღის წინ შეუწყვიტა. ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზი გახდა სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება. მანდატის შეწყვეტის შემდეგ „ლელოში“ განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ.